რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმების ფონზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას გადახედავს.

ამის შესახებ სამხრ. კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩანგ ჰო ჯინმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა

ჩანგ ჰო ჯინის თქმით, სეული ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მის უშიშროებას საფრთხეში აყენებს, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად პასუხს აუცილებლად გასცემს.

აქამდე, სეული უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემაზე უარს ამბობდა, მაგრამ სხვაგვარ დახმარებას, მაგალითად განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას, აწვდიდა. 

ამ განცხადების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება "ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა" და იმედოვნებს, რომ სეული ამას არ იზამს, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი "მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამხრეთ კორეის ახლანდელ ხელისუფლებას სავარაუდოდ არ მოეწონება". 

ამის შესახებ პუტინმა ვიეტნამში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც ფხენიანის შემდეგ იმყოფებოდა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინის იარაღით დახმარებას განაგრძობენ, ჩრდ. კორეას შეიარაღებას გადასცემს. 

"მათ, ვინც ამ იარაღს აწვდიან (რედ. უკრაინას), სწამთ, რომ ჩვენთან არ ომობენ. მე ვთქვი, მათ შორის ფხენიანშიც, რომ მსოფლიოს სხვა რეგიონებში იარაღის გაგზავნის უფლებას ვიტოვებთ". - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა, დღეს, 21 ივნისს, სამხრ. კორეამ სეულში რუსეთის ელჩი დაიბარა და რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ უკმაყოფილება გამოხატა

სამხრ. კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩთან საუბრისას თქვა, რომ ჩრდ. კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას არღვევს და "რუსულ-კორეულ ურთიერთობებსა და რეგიონულ სიტუაციაზე უარყოფითი გავლენა აქვს".

მანამდე, 24 წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. 

ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. 

კომენტარები