რუსული რეჟიმი

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რა დევს სასწორზე - გირჩი-დროა ელჩების განცხადებებზე

პარტიები გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა ამერიკის, ევროკავშირისა და ესტონეთის ელჩების კომენტარებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან. 

პარტიების თქმით, ქართული ოცნება სანქციების საკითხის სავიზო შეზღუდვამდე დაყვანას და არსებული საფრთხის გაუბრალოებას ცდილობს - რაც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე სხვადასხვა სფეროებისთვის ეკონომიკური დახმარების შეჩერებას მოიაზრებს. 

დღეს, 19 ივნისს, გავრცელდა ამერიკის, ევროკავშირისა და ესტონეთის ელჩების მწვავე განცხადებები ქართული ოცნების მიერ დასავლური კურსიდან გადახვევისა და იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს.

ქართული ოცნება ცდილობს, რომ სანქციების თემა, კონკრეტულად მისი წევრებისთვის სამგზავრო შეზღუდვების დაწესებისა და მათი მოგზაურობა არ მოგზაურობის დონემდე დაიყვანოს. ისინი ცდილობენ გააუბრალოონ ის საფრთხე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და რომელიც ემუქრება თავად ქართულ ოცნებას, გაცილებით უფრო დიდი მასშტაბების სანქციებისა და სხვა ტიპის შეზღუდვების სახით.

პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებმა დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე განხორციელებული აქვს სანქციების პირველი პაკეტი, ხოლო შემდგომი ნაბიჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ პერსონალური სავიზო შეზღუდვებით, იქნება ფინანსური სანქციებიც. 

თუმცა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ხელისუფლების ძირგამომთხრელი საქმიანობისა და ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო, საქართველოს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით შეუჩერდეს დახმარებები. აშშ-ის ელჩმა დანიგანმა, ხაზი გაუსვა, რომ მათი დახმარების უდიდესი ნაწილი იხარჯება პირდაპირ ხელისუფლების, სამინისტროების და სხვა სფეროს მხარდაჭერასა თუ განვითარებაზე.

ასობით მილიონია დახარჯული განათლების, მედიცინის, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით.

სწორედ ეს ყველაფერი დგას რისკის ქვეშ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ "ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს".

სანქციების 3 ვარიანტი განიხილება ევროპული კავშირის მომავალი მინისტრების სხდომაზეც, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩები წუხილს გამოთქვამენ, რომ შედეგები, რაც ქართული ოცნების ნაბიჯებს მოჰყვება, საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვისაც.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე. ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე - ან საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ან უკან, საბჭოთა კავშირში! არჩევანი ძალიან მარტივია!" - წერია განცხადებაში

 

 

კომენტარები