რუსეთის სპეცრაზმმა როსტოვის ციხეში ბუნტი ჩაახშო და რამდენიმე პატიმარი მოკლა, მათ შორის არიან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორი წევრი. როგორც ცნობილია, პატიმრებმა ციხის ორი ზედამხედველი მძევლად აიყვანეს.
აღნიშნული ციხე წინასწარი დაკავების იზოლატორი იყო და პატიმრების საქმეები სასამართლოში დასრულებული ჯერ არაა. რუსეთის ფედერაციული პენიტენციური სამსახურის ცნობით, დამნაშავეები განეიტრალებული არიან და ყველა მძევალი თავისუფალია.
საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, ციხეში თავდასხმა სულ ექვსმა პატიმარმა მოაწყო. მათი ინფორმაციით, პატიმრები შეიარაღებული იყვნენ დანებით და მახვილი, მჭრელი საგნებით. პატიმრები მანქანას და როსტოვიდან თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას ითხოვდნენ. სანამ სპეცრაზმი ბუნტს ჩაახშობდა, Telegram-ზე გავრცელდა ერთ-ერთი პატიმრის კადრები, რომელსაც სახე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშით ჰქონდა დაფარული.
რუსული მედიის ცნობით, მოკლული პატიმრები შესაძლოა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან აფილირებული იმ ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელმაც მარტში მოსკოვში Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. ჯერჯერობით ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება.