საქართველო-რუსეთი

ზახაროვა სომხეთისა და საქართველოს აქციებს ერთმანეთს უკონტექსტოდ ადარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა სომხეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომელშიც დემონსტრანტებს შეკრების თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებისკენ მოუწოდეს.

ზახაროვამ საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე აქციები, ასევე აშშ-ს მიერ ამ მოვლენებთან გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს უკონტექსტოდ შეადარა.

"აი, თქვენ მთელი დემოკრატია: ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი საკუთარი საელჩოს პირით აცხადებს, რომ მიტინგი პასუხისმგებლობით უნდა ჩატარდეს და არ გმობს ხელისუფლებას მათი დაშლისთვის, მეორე შემთხვევაში - პირიქით, აქტიურად უჭერენ მხარს დასავლელ უცხოელ აგენტთა მიერ მოწყობილ არეულობებს. თვალსაჩინო ილუსტრაციაა "წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის", რომელშიც სწორედ აშშ, ხელის ერთი მოძრაობით, ვითარებიდან გამომდინარე, ცვლის ნებისმიერ "წესს" თავის შესაფერისად." – დაწერა ზახაროვამ.

ზახაროვამ უგულებელყო ფაქტი, რომ 13 ივნისის განცხადებაში აშშ სომხეთის მთავრობასაც მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ თავისუფალი სიტყვისთვისა და დემონსტრაციებისთვის შესაფერისი გარემო. ამას გარდა, არაა გათვალისწინებული არც ის კონტექსტი, თუ როდის გააკეთა აშშ-ს საელჩომ 2 მაისის განცხადება. აქამდე, 1 დღით ადრე, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს, გასულ დღეებში კი სპეცრაზმელებმა სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც, მათ შორის ტაბულას ჟურნალისტსაც.

საქართველოსა და სომხეთის აქციები ერთმანეთს გასულ თვეებში ე.წ. რუსული სამყაროს იდეის პროპაგანდისტმა, ულტრანაციონალისტმა ალექსანდრ დუგინმაც შეადარა და თქვა, რომ "სახალხო მღელვარება საქართველოსა და სომხეთში ურთიერთსაპირისპიროა. საქართველოში აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში – პატრიოტები."

სომხეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანთან დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ტავუშის პროვინციიდან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია დაიწყება. ამ შეთანხმების შედეგად, 4 სოფელი, რომელსაც სომხეთი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა და ოფიციალურად აზერბაიჯანს ეკუთვნის, ბაქოს კონტროლს დაუბრუნდება.

საპროტესტო ტალღას უძღვება ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი. მისი მეთაურობით, დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, გალსტანიანი მოსკოვთან დიალოგს მხარს უჭერს.

ვრცლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებზე წაიკითხეთ აქ – დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის.

 

კომენტარები