ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. X-ზე გამოქვეყნებული განცხადებაში ისლანდია გმობს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. "არჩევნებს" და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები.
"ისლანდია ცალსახად გმობს ცრუ "საპარლამენტო არჩევნებს" ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის შეთანხმებაშია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაიწვიოს საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." - წერია განცხადებაში.
9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. "არჩევნებს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა განცხადებით, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც "უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".