ე. წ. ქურდული სამყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო ქმედებების შედეგად, ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს.

"ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული დ.ც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა. მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულ დ.თ.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები