ე. წ. ქურდული სამყარო

ცქნაფა, იზიკი, ეშხა - ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, 5-ს ბრალი წარეგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

თბილისში, ქარელსა და გორში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.

ხოლო, 5 პირს: წარსულში ნასამართლევ 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად „ცქნაფა“) და საზღვარგარეთ მყოფ 4 „კანონიერი ქურდს“: 1961 წელს დაბადებულ არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 1981 წელს დაბადებულ ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებულ პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 1982 წელს დაბადებულ მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“) ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული გ.ჭ.; 1972 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ბახა“) და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.ღ. (მეტსახელად „შრამიანი“); 1981 წელს დაბადებული მ.ბ.; 1995 წელს დაბადებული გ.კ.; 1978 წელს დაბადებული ზ.დ. და 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“)" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები