არჩევნები 2024

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ქარტიას შეუერთდა

თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდა, ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა.

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამიტომ მივიჩნიეთ აუცილებლად, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელი მოეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ ვუერთდებით ამ დოკუმენტს და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში". - თქვა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

"გადავწყვიტე, თქვენს წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობასა და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები