რუსული კანონი

სარჯველაძე ონკოპაციენტებზე: ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე რუსული კანონის მიღების შემდეგ, ონკოპაციენტ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა, მისი თქმით გავრცელებული ინფორმაციები ყალბია და "არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება". 

"ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას.

ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მკურნალობის გარეშე შეიძლება დარჩეს ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო, ბენეფიციარებს, ყველა საჭირო სერვისს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ უფინანსებს. პროგრამაში, ჩართულია 3 ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის 6 წამყვანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა. პროგრამით უკვე 89 ბავშვმა ისარგებლა.

 


ონკოპაციენტ ბავშვებსა და რუსულ კანონს შორის კავშირზე სოციალურ ქსელში გვერდმა "ბავშვთა სიმსიმვნეები და სუპერგმირები" - დაწერა.

"ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა... ჩვენი ორგანიზაცია არსებობს სწორედ ამერიკელი და ევროპელი ხალხის მხარდაჭერით! დღეიდან ეს მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება... ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას უცხოური ძალების გავლენების აგენტად არანაირ და არცერთ რეგისტრში... ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში". - წერია პოსტში. 

მოგვიანებით მათ კიდევ ერთი პოსტი დაწერეს, სადაც უფრო დეტალურად განიხილავენ რა საფრთხის წინაშე დგანან ონკოპაციენტი ბავშვები და რატომ იყო მათთვის ევროპის მხარდაჭერა გადამწყვეტი. მათი თქმით პროგრამა მუშაობს, მაგრამ არის ხარვეზები და პროგრამაში შემავალი სამი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ სერვისს, ამიტომ ისინი დიდი ხანია ითხოვენ ევროპული კლინიკების დამატებას. 

"პრობლემად რჩება საქართველოში არსებული სერვისები... საქართველოში ვერ იმართება ტკივილი. ტკივილის მართვის არანაირი მენეჯმენტი ბავშვთა მიმართულებით არ არსებობს... საქართველოში უკან დაბრუნებული ბავშვები ვერ იღებენ გამართულ სერვისებს. არ არსებობს ადგილი სადაც სრულყოფილად მიიღებენ ყველა სამედიცინო სერვისს რაც მათ წლების განმავლობაში ესაჭიროებათ. ამ დონეზე ვართ დამოკიდებული ევროპის კეთილ ნებაზე და ვიღაცეებს გონიათ რომ პრინციპულობის გამო ვსაუბრობთ ამ ყველაფერს. ჩვენ გვჭირდება ევროპა და ევროპული ჯანდაცვა". - წერს ბავშვთა სიმსიმვნეების გვერდი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები