რუსული კანონი

ჰელსინკის კომისია: ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით

ლუკა ახალაია/ტაბულა

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ში გადააზიარა Politico-ს სტატია კანონპროექტ MEGOBARI-ს შესახებ. 

"ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით". – წერია პოსტში.


საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში.

კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act - საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, კურსის ცვლილების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ვიზელიბერალიზაციის საკითხიც.

"სამხედრო პაკეტი მოიცავს რუსული აგრესიისგან ტერიტორიალური დაცვისთვის იდეალურ თავდაცვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობას. ასევე შესაბამის წვრთნებს და ტექნიკურ მომსახურებას". – წერს გამოცემა.

ცოტა ხნით ადრე Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია უილსონის კანონპროექტის შესახებ, რომელსაც კონგრესი ახლო მომავალში განიხილავს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება "მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით". ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი "ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან".

"დემოკრატიის დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც არსებითი პასუხისმგელობა გააჩნიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევასა და ძირის გამოთხრაში. კანონპროექტი მოიცავს სავიზო სანქციებს იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში". - აღნიშნავს გამოცემა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი 14-15 მაისს თბილისში იმყოფებოდა. ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსული კანონი არ შეიცვლება და მმართველი ძალა მას ახლანდელი ფორმით მიიღებს, აშშ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. მან განმარტა, რომ არც ამჟამინდელი კანონპროექტის შინაარსი და არც მისი მიღების პროცესი ევროპულ ღირებულებებს არ ესადაგება. 

კომენტარები