საქართველო-ყირგიზეთი

კობახიძე: ყირგიზეთს განვიხილავთ მეგობარ სახელმწიფოდ, ეს ვიზიტი ისტორიულია

ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდე ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი თავისი არსით არის ისტორიული. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

ჩვენს გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ასევე შევეხეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ.

მინდა, ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის.

წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

აქვე ვისარგებლებ შემთხევვით და გამოვხატავ ჩვენს მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის.

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველო- ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობასე მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

განაცხადა ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები