რუსული კანონი

მიშელი: იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება

dw.com

კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მიმდინარე მოვლენებით იმედგაცრუებულია.

"გავიმეორებ, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? რადგან რამდენიმე წლის წინ მქონდა შესაძლებლობა შემესრულებინა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლაში. ეს ერთი." – თქვა მიშელმა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა თავდაპირველად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერდა, თუმცა შეძლეს და გადააფიქრებინეს. ამასთან დაკავშირებით მიშელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მალევე საქართველოს მთავრობისგან საპირისპირო ნაბიჯები მიიღეს.

"მეორეც, რამდენიმე თვის წინ ევროპულ საბჭოში, 27 წევრ ქვეყანაში უმრავლესობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერდა, მაგრამ, ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან ერთად, დავარწმუნეთ, რომ მრავალი მიზეზის გამო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იყო. ასევე, ჩვენ ბევრს ვმუშაობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დაგვერწმუნებინა, მიეღოთ ზოგიერთი რეფორმა, რომელიც აბსოლუტურად საჭირო იყო, გადაედგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გასულ წელს და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ვხედავთ ამ მცდელობას, მიიღონ ეს კანონი. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, ეს ერთი." – თქვა მიშელმა.

მიშელმა უკმაყოფილება გამოთქვა ქართული ოცნების რიტორიკასთან დაკავშირებითაც.

"მეორე კი, ვხედავთ კონკრეტულ რიტორიკას, რომელიც პოზიტიური არაა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მიზნებს ცხადს გახდის, მაგრამ თუ ევროკავშირთან დაახლოება სურთ, თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპსა და დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ ეს ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ და ცხადად ვამბობთ. და მე გულითადად ვიმედოვნებ, რომ წარმატებით დავარწმუნებთ, შეასრულონ პირობები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაა საჭირო." – თქვა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მათ ევროკავშირი მხარს უჭერს და ყველაფერს აკეთებენ რუსეთის საზიანო მცდელობების წინააღმდეგ.

"ძალიან ცხადია, რომ რუსეთის მიზანია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პრინციპებს ან კანონის უზენაესობის გამტკიცების მცდელობას, სადაც ეს შეუძლია. ამიტომაც, მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს და ვიცი, რომ ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროკავშირთან დაახლოება, სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ამ რუსული მცდელობების წინააღმდეგ, რომლებითაც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართველთა სურვილს, გახდნენ ევროკავშირის წევრები." – აღნიშნა შარლ მიშელმა.

შეკითხვას, თუ რას ეტყოდა ახალგაზრდებსა და ყველა თაობის წარმომადგენელს, რომელიც ახლა კანონს აპროტესტებს, მიშელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. მან გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების გადარწმუნების იმედიც. მიშელი ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მომავალ არჩევნებზე შეძლებენ გამოხატონ თავიანთი სურვილები.

"ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს, ჩვენ ვართ თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების მხარეს და მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ ზომები, რომლებიც გაგვაჩნია, რომ დავარწმუნოთ საქართველოს ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც საჭიროა. საქართველოში რამდენიმე თვეში არჩევნები იქნება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ასევე იქნება შესაძლებლობა მიეცეს ლეგიტიმაცია და ცხადი სიგნალი, რა არის მიმართულება, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნისთვის სურთ." – თქვა მიშელმა.

კომენტარები