მიხეილ ლომთაძე

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ბრიტანული კლუბი "უიკომ უონდერერსი" შეიძინა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ბრიტანული საფეხბურთო კლუბი უიკომ უონდერერსი შეიძინა.

ლომთაძის კომპანიამ, Blue Ocean Partners-მა ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის კლუბის აქციების 90% ამერიკელი ბიზნესმენისგან, რობ კაუიგისგან შეიძინა.

"ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით. საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენთვის პრიორიტეტულია მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომლის მიზანიც კლუბის ახალ სიმაღლეზე აყვანა იქნება. ამავდროულად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიის განვითარება, რაც კლუბის იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. მზად ვართ ხელახლა გავხსნათ და ავაშენოთ მაღალი დონის აკადემია, რომელიც კლუბის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი დასაყრდენი იქნება". - თქვა ლომთაძემ.

ლომთაძესთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს, ედუარდ ვიშნიაკოვი და დენ რაისი შეურთდნენ. ვიშნიაკოვი კლუბის ფინანსურ სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი, რაისი კი სპორტულ მხარეს უხელმძღვანელებს. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტრანზიციის პერიოდში კვლავ კაუიგი დაიკავებს.

უიკომ უონდერერსი 137 წლის წინ, 1887 წელს დაარსდა და კლუბის უმაღლესი მიღწევა ინგლისის ჩემპიონშიპში (რანგით მეორე ლიგა) გატარებული ერთი სეზონია.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები