მიხეილ ლომთაძე

ყველაზე მდიდარი ქართველი: მიხეილ ლომთაძემ ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო – Forbes 

მიხეილ ლომთაძე

Forbes-ის მილიარდერების სიაში 46 წლის ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ლომთაძის ქონება 5.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 596-ე ადგილს იკავებს, ივანიშვილი კი 4.8 მილიარდი დოლარით 631-ე ადგილზეა. 

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. 

ის ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა. 

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებზე და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ პოზიტიური გავლენა იქონია კომპანიის შემოსავლებსა და აქციების ფასზე. 

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან "ხალხის მადლიერების" საპატიო მედალი მიიღო. 

Forbes-ის ყაზახურმა გამოცემამ ის წლის ბიზნესმენად აღიარა. 

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა 2020 წლის იანვარში თქვა, რომ ის თავისი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებს, ქონების უდიდეს ნაწილს კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. 

"მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის". 

მიუხედავად ამისა, Forbes-ი და Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას ისევ 4 მილიარდზე მეტად აფასებენ. 

კომენტარები