მიხეილ ლომთაძე

წლის CEO: უმდიდრესი ქართველი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად აღიარეს 

ყველაზე მდიდარი ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე, ყაზახეთში, Growth Forum-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო აღმასრულებელ ხელმძღვანელად [CEO] აღიარეს

Kazakhstan Grow Forum-ი ყოველწლიურად იმართება და მასში ქვეყნის 500 საუკეთესო კომპანია და მათი ხელმძღვანელები იღებენ მონაწილეობას. 

გარდა საუკეთესო CEO-ს წოდებისა, ლომთაძის საფინანსო კომპანია Kaspi-მ წლის ტრანსფორმატორის ჯილდოც მოიპოვა, მისმა საფონდო ბირჟაზე წარმატებულად განთავსებამ კი – წლის გარიგების წოდება. 

2021 წლის აგვისტოში Forbes-ის მილიარდერების სიაში 46 წლის ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო და ყველაზე მდიდარი ქართველის პოზიცია დაიკავა. ამჟამად მისი ქონება, დაახლოებით, 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. 

ის ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა. 

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებზე და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ პოზიტიური გავლენა იქონია კომპანიის შემოსავლებსა და აქციების ფასზე. 

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან "ხალხის მადლიერების" საპატიო მედალიც მიიღო.

გარდა ამისა, CEO Survey-ს ყოველწლიური გამოკითხვის მიხედვით, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ ხელმძღვანელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს. 

კომენტარები