ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჩემმა მთავრობამ ერთხმად გადაწყვიტა: Al Jazeera ისრაელში დაიხურება – ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისმა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მედია Al Jazeera-ს ადგილობრივი ოფისების დახურვას

"ჩემმა მთავრობამ ერთხმად გადაწყვიტა: წამქეზებელი არხი Al Jazeera ისრაელში დაიხურება". - დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე.  

არხის რამდენიმე კორესპონდენტმა თავიანთ ეთერში განმარტა, მათი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

არაბულენოვან ეთერში ერთმა კორესპონდენტმა თქვა, რომ ბრძანება არხს მოქმედებას ისრაელსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში შეუზღუდავდა, პალესტინურ ტერიტორიებში კი - არა. 

ინგლისურენოვან ეთერში სხვა კორესპონდენტმა თქვა, რომ ისრაელში "ოფისების დაკავება და მათი ოპერირება" აეკრძალებათ. 

ისრაელის მედიის თანახმად, ისრაელს ეძლევა საშუალება, არხს ქვეყანაში მუშაობა 45 დღით აუკრძალოს.

ისრაელის კომუნიკაციის მინისტრის, შლომო კარჰის თქმით, არხს ინვენტარს ჩამოართმევენ.

ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებში Al Jazeera-ს ხელმძღვანელმა ისრაელის გადაწყვეტილება "სახიფათოდ" და პოლიტიკურად მოტივირებულად მოიხსენია

გამოცემა Reuters-თან საუბრისას, Al Jazeera-ს ბიუროს ხელმძღვანელმა პალესტინაში, ვალიდ ომარმა თქვა, რომ მათი იურისტთა გუნდი სამართლებრივ პასუხს ამზადებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ისრაელის მთავრობამ Al Jazeera-ს ოფისების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება კატარის მთავრობასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. კატარი ჰამას-ისრაელის ომის მოლაპარაკებებში ეგვიპტესა და აშშ-სთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. 

აქამდე, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ კატარი, სადაც ჰამასის ლიდერები მოქმედებენ, ტერორისტულ ორგანიზაციაზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს იმისთვის, რომ მათ სამშვიდობო ხელშეკრულების რიგი პირობები დათმონ.  

ისრაელს კატარის მთავრობის მიერ დაფინანსებულ Al Jazeera-სთან აქამდეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

მანამდე, 1 აპრილს ისრაელის ქნესეთმა კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას უფლებამოსილს ხდის, ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის გამო უცხოური საინფორმაციო არხებს ისრაელში მუშაობა დროებით აუკრძალოს.

ახალი კანონით, ისრაელის პრემიერმინისტრსა და კომუნიკაციების მინისტრს ისრაელში ისეთი უცხოური საინფორმაციო არხების დახურვა შეუძლიათ, რომლებიც „სახელმწიფო უსაფრთხოებას რეალურად აზიანებენ“.

თეთრმა სახლმა კანონის შესახებ შეშფოთება გამოთქვა. 

"ჩვენ გვჯერა პრესის თავისუფლების. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. აშშ მხარს უჭერს უკიდურესად მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც ჟურნალისტები მსოფლიოს გარშემო აკეთებენ და ეს შეეხება მათაც, ვინც ღაზაში კონფლიქტს აშუქებს. თუ ეს ცნობები მართალია, შემაშფოთებელია". - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.

კომენტარები