რუსული კანონი

კალაძე: შსს-ს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია, გაირკვევა, რამდენიმე ადამიანი როგორ დაშავდა

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, 1-2 მაისის აქციაზე სამართალდამცველებს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. მისი თქმით, შსს-მ დაიწყო მოკვლევა, საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. 

"ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა.

რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ“, - თქვა კალაძემ.

მედიის წარმომადგენლებმა თბილისის მერს უთხრეს, რომ არიან რეზინის ტყვიებით დაშავებული აქციის მონაწილეები და არსებობს დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა. მას შემდეგ, რაც ფორმულას ჟურნალისტმა კახა კალაძეს ჰკითხა,  "არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო?", თბილისის მერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა, ბატონო კახა კი არა, მოიკითხე მეთქი ოჯახში...  უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენ ხარ თავხედი უზრდელი.

შეურაცხყოფა არ არის, უტიფარს რომ უწოდებთ?... უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში შენი გაზრდისთვის, შე თავხედო" - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

კომენტარები