ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირანელი მაღალჩინოსანი: ისრაელს პასუხს ადრე თუ გვიან, მაგრამ დანამდვილებით გავცემთ

ირანელი პარლამენტარები ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, 7 იანვარი, 2020
Vahid Salemi/AP Photo

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მოჯთაბა ზონური აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებს საჯარო მოთხოვნა არ განსაზღვრავს და ამბობს, რომ ირანის მხრიდან პასუხს ადრე თუ გვიან უნდა ველოდოთ.

"ზოგიერთი კითხულობს, რატომ არ იძიებს შურს [ირანის] ისლამური რესპუბლიკა". - თქვა ზონურმა და დაამატა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება "ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, და არა - საჯარო მოთხოვნებზე".

მოჯთაბა ზონურის განცხადებები ხშირად ირანის ხელისუფლების უსაფრთხოების აპარატის პოზიციას ასახავს. მისი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებები "ალბათ ადრე თუ გვიან, მაგრამ ნამდვილად იქნება".

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად, ემსხვერპლა. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა და ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.

ირანის მუქარის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა დევიდ კამერონმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ირანს ვითარების ესკალაციის წინააღმდეგ მოუწოდა.

ხოლო 10 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი გააფრთხილა, რომ ირანი "მნიშვნელოვანი იერიშის" მიტანას გეგმავდა და ისრაელს "რკინისავით მტკიცე" მხარდაჭერას დაჰპირდა. ამას გარდა, CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ ირანული რაკეტების და დრონების ჩამოგდებაში ისრაელისთვის დახმარების გაწევას გეგმავდა. გუშინ ასევე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებოდა.

ამას გარდა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული პორტუგალიური გემი ხელში ჩაიგდო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ირანი საერთაშორისო მეკობრეობის ბრალდებით უნდა გასამართლდეს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ძალების მიერ ხელში ჩაგდებული ხომალდი პორტუგალიური გემი იყო. როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში არა სამხედრო, არამედ გადამზიდი ხომალდი შეიპყრეს. 

კომენტარები