დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

WSJ: ისრაელი მომდევნო 24-48 საათში ირანიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება

იერუსალიმი
Abir Sultan/European Pressphoto Agency

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხის ფონზე აშშ-მ საკუთარ დიპლომატებს ისრაელში გადაადგილება შეუზღუდა. აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების თქმით, მათ უთხრეს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და იერუსალიმში, თელ-ავივსა და ბეერ-შევაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამასთანავე, აშშ-ს დაზვერვის წყაროს ინფორმაციით, მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება. მან გამოცემა Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი ქვეყნის ჩრდილოეთ ან სამხრეთ საზღვარზე სავარაუდო იერიშს მოელის.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად, ემსხვერპლა. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა და ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.

მოგვიანებით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა დევიდ კამერონმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ირანს ვითარების ესკალაციის წინააღმდეგ მოუწოდა.

10 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი გააფრთხილა, რომ ირანი "მნიშვნელოვანი იერიშის" მიტანას გეგმავდა და ისრაელს "რკინისავით მტკიცე" მხარდაჭერას დაჰპირდა.

თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანენ, ისრაელი საპასუხოდ ირანის ტერიტორიას დაარტყამს.

კომენტარები