დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანის საფრთხის ფონზე, ბაიდენი ისრაელს "რკინასავით მტკიცე" მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Evelyn Hockstein/Reuters

ირანის თავდასხმის საფრთხის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს "რკინასავით მტკიცე" მხარდაჭერას ჰპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორისადმი მიდგომას არ ეთანხმება, აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანის საფრთხის წინააღმდეგ ისრაელის უსაფრთხოების ერთგული დარჩება.

"როგორც პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ, არის რკინასავით მტკიცე. გავიმეორებ – რკინასავით მტკიცე." – თქვა ბაიდენმა.

აქამდე, გასულ დღეს ბაიდენმა ინტერვიუში თქვა, რომ ის ღაზის სექტორისადმი ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. მან იერუსალიმს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

როდესაც გასული წლის დეკემბერში ისრაელის იერიშის შედეგად სირიაში ირანის მიერ გაგზავნილი მთავარი მრჩეველი მოკვდა, პასუხად თეირანმა სარაკეტო იერიშები ერაყში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მიიტანა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ სამიზნე ისრაელის აგენტები იყვნენ. დარტყმის შედეგად დაიღუპა ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი, ფეშრავ დიზაიე, მისი ცოლი და ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის ახალშობილი ქალიშვილი.

კომენტარები