ლაზარე გრიგორიადისის საქმე

DRI: გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI) გასული წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გრიგორიდისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს.

DRI-ის განცხადებით, "ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ქართული ოცნება კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დასკვნითი პროცესი,  რომელიც  26  თებერვალს უნდა  გამართულიყო,  მოსამართლის  შვებულებაში გასვლის გამო,  28 მარტისთვის გადაიდო. პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლის უარი და პროცესის გადადება მოჰყვა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიდისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის  წევრის  მიმართ  ძალადობრივი  ქმედების  განხორციელება და  სხვისი  ნივთის  დაზიანება) მაშინ "გააცოცხლა", როდესაც  მარტის  აქციებთან დაკავშირებულ სისხლის  სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა - თავისუფლების  აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.  

პროკურატურის მიერ ძველი საქმის "გაცოცხლება" და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "საქართველოს  მოქალაქე  გიორგი  უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას,  აღნიშნული  ვადის  ხელოვნურად  გაგრძელებას  სხვადასხვა  ფორმალურად  კანონიერი  მეთოდებითა  და  საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში  მოდის  იმ  სიკეთესთან,  რის დაცვასაც  ადამიანის უფლებათა   და  ძირითად  თავისუფლებათა   დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებს". - ნათქვამია DRI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა დღეს, 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები