რუსული კანონი

გახარია რუსულ კანონზე: დაცინვაა ქართველი ხალხის, რომელმაც ამ კანონს სწორად დაარქვა სახელი

ოცნებამ, ფაქტობრივად, პირობა დადო, ფიცი დადო, რომ ეს კანონი არასოდეს ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ დაბრუნდებოდა. ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი, ქართველ ხალხს, საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ დღის წესრიგიდან ეს კანონი მოხსნილია. კიდევ ერთი ტყუილი. ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან რომ გადახედოთ, მოხდა მარტივი რამ, მიიღეს პირობა, რომ ეს კანონი არსად არ დაბრუნდებოდა, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ისევ ამ კანონს ვუბრუნდებით.

ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დაცინვაა, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, იმ ხალხის, რომელმაც ამ კანონს აბსოლუტურად სწორად დაარქვა რუსული კანონი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსული კანონი დაარქვა იმიტომ, რომ ეს კანონი ათანაბრებს მტერს, ოკუპანტს და სტრატეგიულ მეგობრებს.

მაგალითად, ამ კანონის მთავარი ობიექტები არიან დასავლური ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ბოლო სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდგომ, საქართველოში უზარმაზარი რუსული ფინანსური რესურსები არის განთავსებული. ვინმეს მოსვლია საერთოდ აზრად რას ხმარდება ეს ფული, სად არის განთავსებული? უამრავი ბიზნესი რეგისტრირდება, უამრავი საბანკო ანგარიში იხსნება, უამრავი უძრავი ქონების შეძენა ხდება. აქ არაფერი და ბოლო სამი წლის განმავლობაში მკაფიოდ ანტიდასავლური რიტორიკა და მტრების ძებნა იქ, სადაც უნდა ვეძებდეთ და ვაღრმავებდეთ ჩვენს მეგობრობას. [...]

საბოლოო ჯამში, ეს არის ტყუილებში დაკარგული ოცნების გაუაზრებელი ქმედება და რა თქმა უნდა ეს არის ისტერიკის და შიშის მაჩვენებელი. ამ ინიციატივის უკან არანაირი პრაგმატული, ობიექტური მიზანი არ არსებობს. არსებობს ერთადერთი, როგორმე იქნებ არჩევნებისთვის გადაირჩინონ თავი. ეს არის და ეს.

მე ვფიქრობ, მიუხედავად ამ შიშებისა, ამ კანონის ხელახალმა ინიცირებამ უკვე სერიოზულად დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამ კანონის მიღება ფაქტობრივად იმ კარებს, რომელიც ჩვენ ევროპელმა სტრატეგიულმა მეგობრებმა კანდიდატის სტატუსით გაგვიღეს, საბოლოოდ დახურავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ დროში, ამ ხელისუფლების პირობებში, გაფართოების მოლაპარაკებებს საქართველოს არავინ არ გაუხსნის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონიერება უნდა შევინარჩუნოთ, ყველანი უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია რუსულ კანონზე.

3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.

კომენტარები