ონკოლოგია

ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე იქნება გატანილი - სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.

"ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ეს იყო დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი, იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებებს სახელმწიფო. ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან,ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან,ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, პრემიერმინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით". - ამბობს სარჯველაძე.

მისივე დაზუსტებით, ამ ნაბიჯით "პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი".

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება შეეხებათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.


ონკოლოგიური პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმება იყო - მათ გასულ თვეებში რამდენიმე აქცია გამართეს.

გარდა ამისა, პაციენტები ითხოვდნენ, რომ:

  1. დროულად შემოიტანონ ონკოლოგიური მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული;
  2. გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.

კომენტარები