ონკოლოგია

გვითხრა, რომ 10 დღეში გამოიკვლევს და დაგვიკავშირდება – ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეხვდნენ

ონკოლოგიური პაციენტებისა და მათი მხარდამჭერების აქცია პარლამენტის წინ, 2024 წლის 3 მარტი
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდება "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხი მოაგვაროს". ონკოპაციენტები და ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის წევრები ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 12 მარტს შეხვდნენ.

"ყველაფერი ჩამოვუთვალეთ, იქნებოდა ეს ლიმიტი, დიაგნოსტირება, წამლების დეფიციტის საკითხი, მათ მოინიშნეს ეს პრობლემები და მინისტრი დაგვპირდა, რომ 10 დღეში გააკეთებს მოკვლევას და დაგვიკავშირდება. გვითხრეს, რომ მედიკამენტები უკვე შემოდის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებზეც დეფიციტი იყო. 25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეცდება ყველანაირად მოაგვაროს ეს საკითხი. ვინაიდან დღეს დაინიშნა, არ ჰქონდა ინფორმაცია რიგ საკითხებზე, ჩვენგან გაიგო ბევრი ხარვეზის შესახებ". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, მინისტრი და ონკოპაციენტები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის ონკოპაციენტების წარმომადგენლების მიერ დაყენებულ პრობლემებს.

"შევთანხმდით, იმაზე, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ის კონკრეტული საკითხები, რაც მათ დააყენეს, კიდევ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი იმისთვის, რომ მიმდინარე პრობლემები, ბარიერები, რაც ხვდებათ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის, გამოკვლევების ჩატარების პროცესში, მოგვარდეს . [...]

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მიმართულებით ფინანსდება 90-მდე აქტიური ნივთიერება. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე, სახელმწიფომ ექსკლუზიური პირდაპირი შესყიდვა განახორციელა მწარმოებლებისგან ორიგინალ მედიკამენტებზე, ეს არის 20-23 მოლეკულა. ამას გარდა, ბაზარზე ფარმაკოლოგიური მწარმოებლების მიერაც არის უზრუნველყოფილი მედიკამენტები. მოცვა ამ მიმართულებით მაღალია. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია. რიგი მედიკამენტები ამ დილასაც ჩამოვიდა, თვალს ვადევნებთ როგორი მდგომარეობაა, რათა პრობლემა არ შეიქმნას. სამომავლოდ იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი. ეს მიმართულება პრიორიტეტია". - თქვა გაბუნიამ.

ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა 3 მარტს პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მკურნალობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან შეხვედრას, საქართველოს მთავრობისგან მკურნალობის სრულიად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნას მოითხოვდნენ.

კომენტარები