ონკოლოგია

ონკოლოგიური პაციენტები ₾25 000-იანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ – 3 მარტს აქცია დააანონსეს

ტვ პირველი / კადრი ვიდეოდან

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 26 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, ისინი საქართველოს მთავრობისგან მკურნალობის სრულიად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნას მოითხოვენ. ამასთან ერთად, ონკოპაციენტების მოთხოვნებს შორის არის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.

ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის წევრებმა პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს, სადაც ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

ორგანიზაციამ შემდეგი საპროტესტო აქცია 3 მარტს, პარლამენტთან დააანონსა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის თითოეული დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავიწყეთ პროტესტი. ვცდილობთ, ამ გზით გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, შევიკრიბოთ პარლამენტთან, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და მოვითხოვოთ პრემიერთან პირდაპირი კომუნიკაცია. 3 მარტს 15:00 საათზე შევიკრიბებით პარლამენტთან". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

ონკოპაციენტების განმარტებით, შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროში 16 თებერვალს, თუმცა, ამ დრომდე არ იციან, როდის იქნება მათთვის ხელმისაწვდომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები.

2023 წლის აგვისტოში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები დაუფინანსდებოდათ.

კომენტარები