ონკოლოგია

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ონკოლოგიური პაციენტებისა და მათი მხარდამჭერების აქცია პარლამენტის წინ, 2024 წლის 3 მარტი
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

პარლამენტთან ონკოპაციენტების მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს და ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

"ჩვენ 12 მარტს გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან, მან გვთხოვა 10 დღე პრობლემებში გასარკვევად, თუმცა, 20 მარტს Facebook-ის საშუალებით გავიგე, რომ თურმე შეკრებილან ონკოპაციენტების პრობლემების განსახილველად. ჩვენ მიწვეულები არ ვიყავით, ვერც გავიგეთ რა მოხდა ამ შეხვედრაზე. თქვეს, რომ აპირებენ ერთიანი პროტოკოლების დანერგვას, რაც ჩვენი მოთხოვნა საერთოდ არ იყო. ჩვენ ვითხოვთ პერსონალიზებულ, ინდივიდუალურ მიდგომას ყველა პაციენტთან იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოს სტანდარტით, პერსონალიზებული მედიცინა არის დანერგილი ყველა წამყვან ქვეყანაში.

ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა - ვითხოვთ 25 000 ლარიანი ლიმიტის გაუქმებას. აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან აპრილის თვიდან უკვე ძალიან ბევრ პაციენტს ამოეწურება ლიმიტი და ისინი ვერ შეძლებენ ამ თანხების საკუთარი ჯიბიდან გადახდას, მოუწევთ მკურნალობის შეწყვეტა." - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

აფხაიძის განმარტებით, ონკოპაციენტები ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას ითხოვენ, რადგან მან 12 მარტს ონკოპაციენტებს უთხრა, რომ მედიკამენტებზე დეფიციტი "მოხსნილია", რაც, მათი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს.

"ბატონ მინისტრს და ქალბატონ გაბუნიას შევხვდით 12 მარტს, რა დროსაც გაბუნიამ გვითხრა, რომ დეფიციტი მოხსნილია და აღარ იქნება უახლოეს მომავალში. უკვე გავიდა 10 დღეზე მეტი და მედიკამენტებზე დეფიციტი ისევ არის ქვეყანაში. მან პირველივე სამუშაო დღეს, ფაქტობრივად, მოგვატყუა ონკოპაციენტები. სწორედ ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გვჭირდება სანდო და მზრუნველი ადამიანები, რომლებიც არ მოატყუებენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს - ონკოპაციენტებს - ვითხოვთ ქალბატონი თამარის გადადგომას." - თქვა აფხაიძემ.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდება "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხი მოაგვაროს". ონკოპაციენტები და ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის წევრები ჯანდაცვის მინისტრს 12 მარტს შეხვდნენ.

კომენტარები