აშშ-ჩინეთი

ჯო ბაიდენმა და სი ძინფინგმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა, ნოემბერში შეხვედრის შემდეგ, პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 2022 წლის ივლისის შემდეგ არ გამართულა.

თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში და ღაზის სექტორში მიმდინარე ომები და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ის საკითხები, რომლებმაც ოფიციალური ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები დააზიანა, მათ შორის, ტაივანის საკითხი, ჩინეთის უკანასკნელი პროვოკაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა.

ამასთან, ორმა ლიდერმა განიხილა ისეთი საკითხებიც, რომლებშიც მხარეები თანამშრომლობის პერსპექტივას ხედავენ, მათ შორის, ნარკოტიკებთან დაპირისპირება, სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის საკითხი და კლიმატის ცვლილებები.

თეთრი სახლის ცნობით, საუბარი, რომელიც 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, "გულწრფელი და კონსტრუქციული" იყო და მოიცავდა საკითხებს, რომლებზეც ლიდერები თანხმდებოდნენ ან ვერ თანხმდებოდნენ. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენმა კვლავ ისაუბრა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ტაივანის სრუტის საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

კომენტარები