რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თათრეთში დრონმა იერიში მიიტანა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, შაჰედებს აწარმოებდნენ

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

თათრეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ. მათი ცნობით, დრონებმა იერიში მიიტანეს ქალაქ იელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე. 

ადგილობრივი მედია Inkazan-ის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა "ალაბუღის" განსაკუთრებული ეკონიმიკური ზონის ტერიტორიაზე. თათრეთის ადგილობრივ ხელისუფლებაში რუსულ მედიასთან ირწმუნებიან, რომ სერიოზული დაზიანება არაა და არ შეჩერებულა საწარმოს მუშაობის პროცესი. იელაბუგში არიან დაშავებულები.

გავრცელდა ვიდეოჩანაწერებიც, რომლებშიც ერთ-ერთი დრონის თავდასხმა ჩანს.

Inkazan-ი ასევე წერს, რომ იელაბუგაში დაზიანდა პოლიტექნიკური კოლეჯ ალაბუღ პოლიტექის საერთო საცხოვრებელი. როგორც ალაბუღის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ამბობენ, იერიში ორმა დრონმა მიტანა. ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ დაშავებულია კოლეჯის 6 სტუდენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. რაც შეეხება ნიჟნეკამენსკს, BAZA-ს ცნობით, აქ თავდასხმის სამიზნე კომპანია ТАНЕКО-ს ქარხანა იყო.

აქამდე, 2023 წლის ივლისში გავრცელდა ცნობები, რომ იელაბუგაში მიმდინარეობდა ირანული შაჰედის ტიპის დრონების წარმოება. მაშინ გამოცემა Протокол-ისა და YouTube-არხი РЗВРТ-ს ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ირწმუნებოდა, რომ კოლეჯ ალაბუღ პოლიტექის სტუდენტებს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობინებდნენ. ჟურნალისტების წყაროები ამბობდნენ, რომ წარმოებაში თავდაპირველად ჩართული ჰყავდათ 15-17 წლის მოზარდები, შემდეგ კი ყველა კურსის სტუდენტები. ამავე გამოძიების მიხედვით, წარმოებაში რთავდნენ არასრულწლოვან სტუდენტებს აფრიკის ქვეყნებიდანაც.

იელაბუგა უკრაინის საზღვრიდან 1 500 კილომეტრით არის დაშორებული.

კომენტარები