აშშ

აშშ-ს ფლორიდის შტატში 14 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ

რონ დესანტისი
abcnew

აშშ-ში ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მცირეწლოვნებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას შეზღუდავს.

დესანტისის თქმით, მისი ადმინისტრაცია ცდილობს, "მშობლებს იმ რთულ გარემოში ნავიგაციაში დაეხმაროს, რომელშიც მათ დღესდღეობით შვილების აღზრდა უწევთ".

წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელ იანვარს შევა, 13 წლის ჩათვლით არასრულწლოვანებს სოციალური მედიის ანგარიშების შექმნას შეუზღუდავს, ხოლო 14-15 წლის ასაკის ბავშვები ანგარიშის შექმნას მხოლოდ მშობლების თანხმობით მოახერხებენ.

ფლორიდაში წარდგენილი ახალი კანონპროექტი რომელიმე ცალკეულ კომპანიას არ ეხება, არამედ მისი მიზანი "დამოკიდებულების გამომწვევი" თვისებების მქონე პლატფორმებზე არასრულწლოვანებისთვის წვდომის შეზღუდვაა. კანონპროექტის მიხედვით, ასეთ თვისებებს შორისაა ე.წ. "მოწონება", "შეტყობინებები", ავტომატურად დაწყებული ვიდეოები და სხვა ფუნქციები, რომელიც ე.წ. "დაუსრულებელ სქროლვას (Scrolling)" იწვევს.

კანონპროექტს ამერიკული კომპანია Meta ეწინააღმდეგება, რომელშიც ამბობენ, რომ ხსენებული ზომები სიტყვის თავისუფლებას არღვევს და ამავდროულად ამცირებს მშობლების უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის როლს.

კომენტარები