თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

მასალა ნაწილობრივ მომზადებულია 2021 წელს ტაბულაზე გამოქვეყნებული სტატიის - "ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია – აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერი" მიხედვით

რუსეთში, მოსკოვის მიმდებარედ, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლში მოწყობილ სასაკლაოზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, იგივე ISIS-ის ერთ-ერთმა განშტოებამ, ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა.

ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთი, ან ხორასნის პროვინცია დასავლურ მედიაში შემდეგი აბრევიატურებით შეგხვდებათ: ISIS-K, KP ან IS-KP. ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ 22 მარტს, სისხლისმღვრელი თავდასხმის პასუხისმგებლობა მოკლე განცხადებით აიღო. თავდაპირველად არსებობდა ეჭვი, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ეს ცნობა, თუმცა, მალევე, 23 მარტს მათ გაავრცელეს ახალი განცხადება, ასევე დამატებითი ვიდეომასალა, რომელშიც კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელები მშვიდობიან პირებს ესროდნენ, ერთ-ერთი კი წაქცეულ დაჭრილ ადამიანს ყელს ჭრიდა. ტერორისტების განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ეს "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" თავდასხმა იყო და სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ. ამას გარდა ეწერა, რომ ტერაქტი "ისლამთან მებრძოლი ქვეყნებისა და ისლამურ სახელმწიფოს შორის გაჩაღებული ომის" ფარგლებში მოაწყვეს.

კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების ფოტო, რომელიც ტერორისტებთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა, ფონზე ISIS-ის დროშა.

რუსულ მედიებში გავრცელებულ დაკითხვის ვიდეოებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელები, რომლებიც, რუსეთის ცნობით, ტაჯიკეთის მოქალაქეები იყვნენ, ISIS-K-ს წევრებმა ტელეგრამის გამოყენებით გადაიბირეს. 

ეს დაჯგუფება უკვე რამდენიმე წელია რაც ავღანეთში მოქმედებს. ისინი უპირისპირდებოდნენ როგორც აშშ-სა და ყოფილ მთავრობას, ისე თალიბანსაც. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლამდე ისინი ფაქტობრივად განადგურდნენ და ძალიან დასუსტებულები იყვნენ, სისხლისმღვრელი დაბრუნება 2021 წელს დაიწყეს. აქამდე, გაეროს 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დაჯგუფებას 2021-ისთვის 1500-2200 მებრძოლი ჰყავდა. ასევე, ამავე ინფორმაციით, IS-K-ს დაკარგული ჰქონდა ISIS-ის ცენტრის თანადგომა და დაფინანსება. დაჯგუფების მოქმედების არეალი ძირითადად ავღანეთის კუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებით შემოიფარგლებოდა.

ISIS-K-ს დაბრუნება და ზოგადად მათი არსებობა მსოფლიოსთვის მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა 2021 წლის აგვისტოში ქაბულის აეროპორტში დაუნდობელი ტერაქტი მოაწყვეს. დაჯგუფება ბოლო ხანებში კვლავ იკრებს ძალას და მოსკოვთან მომხდარ თავდასხმამდე მათ წელს ტერაქტები ირანშიც ჩაიდინეს. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა დაჯგუფების წარსულიც. 

რა არის ხორასანი?

ხორასანი არის ისტორიული რეგიონი, რომლის არეალიც დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა, თუმცა, ამ ტერმინით მოიაზრება ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის, ავღანეთისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ ტერიტორიები, შესაძლოა მოიაზრებოდეს პაკისტანის დასავლეთ ნაწილიც. თუმცა ისლამის ექსპანსიის ადრეულ ეპოქაში ამ სახელით მოიაზრებდნენ ჯიბალის რეგიონის აღმოსავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიას.

ISIS-ი, რომელიც მიზნად ისახავს ისლამური სახელმწიფოს შექმნას, საკუთარ არარსებულ სახალიფოს ვილაიეთებად, ანუ რეგიონებად ყოფს. მათ შორის არის ხორასნის პროვინციაც, რომელიც ამ რეგიონის ისტორიულ ფარგლებსაც ცდება.

ხორასანი ისლამის ისტორიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეგიონია და ჰადითში (გამონათქვამები, რომელთაც მუჰამედს მიაწერენ) დიდი ესქატოლოგიური დატვირთვა აქვს. ჰადითის ზოგიერთ კრებულში ნახსენებია, რომ ბოლო ჟამს სწორედ ხორასნიდან გამოჩნდება ახალი ძალა და აფრიალდება შავი დროშები: "წამოიწევა ხორასნიდან შავი დროშები და ვერავინ შეაჩერებს მათ, სანამ იერუსალიმში არ აღიმართება" (ალ-მუსნადი; 14/383). ამას გარდა, ზოგიერთ ჰადითში ნახსენებია, რომ ხორასანში გამოჩნდება "ალაჰის გამოგზავნილი ხალიფა, ალ-მაჰდი".

ამ ნარატივს ლეგიტიმაციისთვის ჯერ კიდევ აბასიანთა მიერ ომაიანთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს (747-750 წლები) იყენებდნენ, რადგან ეს მოძრაობა სწორედ ხორასნის რეგიონიდან დაიწყო, ხოლო აჯანყებულებს შავი დროშები ჰქონდათ. დღეს, ამ ჰადითს ISIS-იც საკუთარი პროპაგანდის სასარგებლოდ იყენებს. არც ისაა დამთხვევა, რომ მათ, საკუთარ სიმბოლოდ შავი დროშები აქვთ არჩეული.

როგორ შეიქმნა ISIS-K

მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში ტერიტორიები დაიკავა და რაღაც პერიოდის განმავლობაში ძლიერდებოდა, 2014 წელს ხორასნის რეგიონში მათი იდეოლოგიის გამავრცელებლად და ხორასნის პროვინციის პირველ ამირად ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის (ასევე ცნობილი, როგორც პაკისტანის თალიბანი, ან TTP) ყოფილი მთავარსარდალი, ჰაფიზ საიდ ხანი დანიშნეს. მან ერთგულების ფიცი დადო ისლამური სახელმწიფოს ე.წ. ხალიფას,  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართ. მიუხედავად ამისა, ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია ოფიციალურად 2015 წლის 26 იანვარს დაარსდა. ამ დღეს ISIS-ის სპიკერმა, აბუ მუჰამედ ალ-ადნანიმ გამოაცხადა, რომ შეიქმნა დაჯგუფების ხორასნის ვილაიეთი, ანუ პროვინცია.

ჰაფიზ საიდ ხანი

დაჯგუფებას თავდაპირველად პაკისტანის თალიბანის გავლენიანი პირები შეუერთდნენ, ასევე ისეთი დაჯგუფებების წარმომადგენლები, როგორიც იყო ლაშქარ-ე ისლამი. ხორასნის პროვინციის დაჯგუფების რიგებს ემატებოდნენ თალიბანის ყოფილი წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით კი მას შემდეგა, რაც ე.წ. ამირა ჰაფიზ საიდ ხანის მოადგილედ დაინიშნა ყოფილი თალიბი, აბდულ რაუფ ხადიმი. დაჯგუფებას ძირითადად ზედმეტად რადიკალური თალიბები უერთდებოდნენ. 

დაჯგუფება გაფართოვდა, როდესაც 2015 წლის 6 აგვისტოს, ISIS-ის აქამდე პარტნიორმა დაჯგუფებამ, უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამ (IMU) მფარველ ორგანიზაციასთან სრულად გაერთიანება გადაწყვიტა და გამოაცხადა, რომ მას, კერძოდ ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციას უერთდებოდა. IMU-ს წევრები ამბობდნენ, რომ ისინი ვეღარ ენდობოდნენ თალიბანს, ძველ პარტნიორს. ამ დაჯგუფებას ისინი პაკისტანის სახელმწიფო დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებდნენ. IMU გამაგრებული იყო ჩრდილოეთ ავღანეთში.

აბდულ რაუფ ხადიმი

ლიდერები

IS-K-ს პირველი ამირა, ჰაფი საიდ ხანი დაჯგუფების დაარსებიდან მალევე, 2016 წლის 26 ივლისს აშშ-ს სამხედრო დრონების სამიზნე გახდა და თავდასხმას ვერ გადაურჩა. მის შემდეგ დანიშნულმა სამივე ამირამ, 2016-2018 წლებში, დამაარსებლის ბედი გაიზიარა.

2020 წლის 4 აპრილს, ავღანეთის დაზვერვამ ჩაატარა სპეცოპერაცია და დააკავა დაჯგუფების სამხედრო ფრთის მეთაური, ასლამ ფარუქი. ფარუქი თავდაპირველად პაკისტანში მოქმედ ლაშქარ-ე თაიბაში გაწევრიანდა, შემდეგ პაკისტანის თალიბანში, ბოლოს კი ხორასნის პროვინციაში მოხვდა. ის პაკისტანის ქალაქ პეშავარში სამხედრო ფრთის მეთაური გახდა, შემდეგ კი ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში გაგზავნეს. ფარუქი  ხორასნის პროვინციის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც მისი წინამორბედი, აბუ საიდ ბაჯავორი ავღანეთისა და აშშ-ს ძალებმა ერთობლივი მისიის დროს მოკლეს. თუმცა, გაეროს ცნობებით, ის ამ პოზიციაზე მხოლოდ 2019 წელს დააწინაურეს. აქამდე ლიდერის ადგილი აბუ ომარ ალ-ხორასანის ეკავა, რომელიც ნანგარჰარის პროვინციაში წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებების გამო ჩამოაქვეითეს.

აღსანიაშნავია, რომ ფარუქის დაწინაურებამ დაჯგუფების ფაქტობრივი გაყოფა გამოიწვია. ტერორისტული ორგანიზაცია, შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურად დაიყო. ფარუქი, როგორც ლაშქარ-ე თაიბის ყოფილი წევრი და TTP-ს ყოფილი გენერალი, უნდობლობას იწვევდა დაჯგუფების უზბეკ და სხვა ცენტრალურ აზიელ წევრებში. ისინი თვლიდნენ, რომ ფარუქს კავშირი ჰქონდა პაკისტანის სახელმწიფო დაზვერვასთან, ამიტომაც მას ფაქტობრივად განუდგნენ. დაჯგუფების ცენტრალურმა აზიელებმა, რომელთაგან ბევრი IMU-ს ყოფილი წევრი იყო, საკუთარ ლიდერად გაურკვეველი პიროვნება, მოავია უზბეკი აირჩიეს. ამის შემდეგ, მათ ავღანეთში ფაქტობრივად ინტერესის სფეროები გაიყვეს. მოავია უზბეკის თანამებრძოლები ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოქმედებდნენ, ფარუქის ძალები კი - აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.

საინტერესოა, რომ როდესაც ფარუქი დააკავეს, პაკისტანმა ავღანეთის მთავრობას მისი გადმოცემა მოსთხოვა, მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ მას პაკისტანის ტერიტორიაზე მრავალი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ქაბულმა ისლამაბადს უარით უპასუხა. ავღანეთის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ, რომ პაკისტანს ფარუქისა და მათი სახელმწიფო დაზვერვის შორის კავშირის გამოააშკარავების ეშინოდა.

ფარუქი დაკავების დროს

ფარუქის დაკავების შემდეგ, 2020 წელს ISIS-K-ს ახალი ლიდერი შაჰაბ ალ-მუჰაჯირი, იგივე სანაულა ღაფარი გახდა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გაეროს 2021 წლის ანგარიში ალ-მუჰაჯირის ახასიათებდა, როგორც ამბიციურ ლიდერს. ანგარიშის მიხედვით, ამირად გახდომამდე, ალ-მუჰაჯირი მონაწილეობდა დაჯგუფების მიერ ქაბულში მოწყობილი დიდი ტერაქტების დაგეგმვაში. 

გაეროს ანგარიშში ასევე ნახსენები იყო, რომ ალ-მუჰაჯირი შესაძლოა ჰაკანის ქსელის, თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი დაჯგუფების ყოფილი წევრი ყოფილიყო. საუბარი იყო მისი ამ ქსელის ლიდერის, სირაჯუდდინ ჰაკანისთან შესაძლო კავშირზეც. თუმცა, როგორც ანგარიშში აღნიშნავდნენ, ეს ვარაუდი დამტკიცებული არაა.

2023 წლის 9 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ თალიბანის სპეცდანიშნულების ძალებმა, დაზვერვის დახმარებით, ჩაატარეს სპეცოპერაცია და შაჰაბ ალ-მუჰაჯირი მოკლეს. Voice of America-სთან საუბარში ეს ცნობა დაადასტურეს პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენლებმა, თუმცა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ინფორმაციის სინამდვილის გადამოწმება ვერ შეძლეს. ამ დრომდე უცნობია, მართლა მოკვდა თუ არა ალ-მუჰაჯირი 2023 წელს. 

შაჰაბ ალ-მუჰაჯირი, იგივე სანაულა ღაფარი

ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციის ქმედებებსა და დაჯგუფების ISIS-ის ცენტრთან კავშირს განაგებს ალ-სადიქის ოფისი. ამ ორგანოს ევალება ავღანეთის, პაკისტანის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ინდოეთის, ბანგლადეშის, შრი ლანკასა და მალდივების კონტროლი. გაეროს ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, IS-K-ს ყოფილი ლიდერი, აბუ ომარ ხორასანი იყო როგორც IS-K-ს ამირა, ასევე ალ-სადიქის ოფისის მეთაური. თუმცა, ალ-მუჰაჯირის მმართველობის დასაწყისში ის მხოლოდ IS-K-ს ამირად დანიშნეს, ალ-სადიქის ოფისს კი უძღვებოდა შეიხ თამიმი, რომლის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთის მიზნები და სტრატეგია

ხორასნის პროვინცია, ისევე, როგორც მთელი ე.წ. ისლამურ სახელმწიფო, აცხადებს სურვილებს სახალიფოს დაარსებაზე, სადაც შარიათის კანონი იქნება. ისინი არ აღიარებენ საზღვრებს. ამას გარდა, მათი ფართომასშტაბური მიზანია “იერუსალიმსა და თეთრ სახლზე ალ-უქამის დროშის აღმართვა”, რაც პირდაპირ ისრაელსა და აშშ-ზე გამარჯვებას ნიშნავს და ეხმაურება ზემოხსენებულ ესქატოლოგიურ ნარატივს. ასევე, სურთ “ხორასნის პროვინციის” გაწმენდვა დასავლელი “ჯვაროსნებისგან” და ერეტიკოსებისგან, როგორც საკუთარ მოწინააღმდეგეებს ეძახიან. ერეტიკოსებში შეჰყავთ შიიტი მუსლიმებიც, რომლებიც მათი ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეები იყვნენ

IS-K სამიზნე სახელმწიფოებში ცდილობდა ლეგიტიმაციის საფუძვლის გამოთხრას, ხალხის დემოკრატიულ პრინციპებში დაეჭვებასა და დესტაბილიზაციას. ავღანეთში მათი სამიზნეები რამდენჯერმე საარჩევნო ცენტრებიც იყო და ხალხს მოუწოდებნენ არ წასულიყვნენ ხმის მისაცემად, რადგან ეს შესაძლოა მათ სისხლის ფასად დაჯდომოდათ.

IS-K ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედებს. 2017-2018 წლებში მათ ტერაქტებს ავღანეთში 819, პაკისტანში კი 338 მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როდესაც დაჯგუფება ტერიტორიებს, კერძოდ ნანგარჰარის პროვინციას აკონტროლებდა, ადგილობრივებისგან გადასახადებს კრეფდა და საკუთარი მმართველობის სისტემის შექმნას ცდილობდა.

ISIS-K-ს ტერორისტები შეიხ ჯალალუდდინის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე, 2015 წელი

IS-K-ს დაპირისპირება თალიბანთან, ავღანეთის მთავრობასთან და აშშ-სთან

IS-K-სა და თალიბანის დაპირისპირება თავიდანვე გარდაუვალი იყო. ISIS-ი, რომლის განშტოებაც არის ხორასნის პროვინცია, თავდაპირველად ალ-კაიდას რიგებიდან გარიცხეს და ამ ორ დაჯგუფებას შორის მტრული ურთიერთობა დაიწყო. თალიბანი სწორედ ალ-კაიდას ფაქტობრივი პარტნიორი მოძრაობაა, მათი ერთ-ერთი მთავარი მაკავშირებელი ჯაჭვი ჰაკანის ქსელია.

თალიბანმა IS-K-ს მალევე მიაყენა მძიმე დარტყმები. 2015 წლის აგვისტოში, როდესაც უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამ (IMU), რომელიც ავღანეთის ზაბულის პროვინციაში იყო გამაგრებული, თავი ISIS-ის ხორასნის პროვინციის ნაწილად გამოაცხადა, პასუხად თალიბანმა მათ ულტიმატუმი წაუყენა: ან უკან უნდა წაეღოთ ფიცი, ან ავღანეთის ტერიტორია დაეტოვებინათ. IMU-ს ამირამ, უთმან ღაზიმ, არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა. შესაბამისად, თალიბანმა ზაბულში გამაგრებულ დაჯგუფებაზე იერიში დაიწყო. 2015 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, IMU-ს ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ მათი ბევრი მებრძოლი მოკლეს, გადარჩენილები ალყაში იყვნენ და ეს შესაძლოა მათი ბოლო გამოჩენა ყოფილიყო. მართლაც, ამავე წლის დეკემბერში გავრცელდა ISIS-ის წევრის მიერ IMU-ს ბედის აღწერა, მისი ინფორმაციით, თალიბებმა დაჯგუფების წევრები ზაბულში ამოხოცეს, ხოლო უთმან ღაზი ტყვედ ჩაიგდეს. სხვა ინფორმაციით, ღაზი თალიბებმა მოკლეს. თალიბანმა IMU ფაქტობრივად სრულად გაანადგურა.

მართალია IS-K-მ თავდაპირველად ნანგარჰარის პროვინციაში მიაღწია წარმატებას და ტერიტორია დაიკავა, მაგრამ თალიბანმა მათ ამ ფრონტზეც დიდი ზიანი მიაყენა. მათ შექმნეს სპეციალური დანაყოფი ISIS-თან საბრძოლველად. როდესაც ისინი IMU-ს გაუსწორდნენ, ნანგარჰარის ფრონტისკენ დაიძრნენ. 2016 წელს თალიბებმა IS-K-ს პროვინციის ორი რაიონი წაართვეს. პარალელურად, 2015 წლიდან აშშ ხორასნის პროვინციის მაღალი რანკის წარმომადგენლებს დრონებით ესხმოდა თავს, ხოლო ასევე 2016 წელს, მათ და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა IS-K მთავარი სიმაგრიდან, აჩინის რაიონიდან გააძევეს. 2016 წელს IS-K-ს ზოგიერთმა მაღალი რანკის წევრმა, რომლებიც ყოფილი თალიბები იყვნენ, ორგანიზაციის მიმართ დადებული ფიცი გატეხა და კვლავ თალიბანს დაუბრუნდა.

დაპირისპირება 2017-2018 წლებშიც გაგრძელდა. თუკი აქამდე შეტაკებები თალიბანსა და IS-K-ს შორის ძირითადად ნანგარჰარისა და კუნარის პროვინციებში ხდებოდა, ამჯერად საბრძოლო მოქმედებებით გამოირჩეოდა ჯუზჯანის პროვინციაც. ეს იმით იყო განპირობებული, რომ 2016 წელს IMU-ს ყოფილმა მთავარსარდალმა, ქარი ჰეკმათულამ IS-K-ს ერთგულება გამოუცხადა. ჰეკმათულამ 2018 წლის მარტში პროვინციაში ექსპანსია დაიწყო, თუმცა აპრილში აშშ-ს დრონის თავდასხმის შედეგად მოკვდა. რეგიონში პოზიციები კვლავ თალიბანმა გაიმყარა. დაჯგუფებაზე იმოქმდედა ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილმაც, 2018 წელს.

2016 წლიდან აშშ-სა და NATO-ს ძალებმა IS-K-ს პოზიციებზე ინტენსიური საჰაერო თავდასხმები დაიწყეს. მხოლოლ 2017-2018 წლებში მათ 300-ზე მეტი იერიში მიიტანეს. მთავარი სამიზნეები დაჯგუფების ბაზები და ლიდერები იყო. ამ საჰაერო თავდასხმების 96% კუნარისა და ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. ეს რეგიონი დაჯგუფების მუდამ მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, რაც რიცხვებითაც ჩანს. 2015-2018 წლებში ავღანეთში IS-K-ს 11 668 წევრი მოკვდა, აქედან 91% სწორედ ამ პროვინციაში უვნებელყვეს.

2019 წელს, ავღანეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ IS-K-ზე გამარჯვება გამოაცხადახორასნის პროვინციაზე გამარჯვებულად თვლიდა თავს თალიბანიც. თუმცა, გამარჯვების აღნიშნვა, რეალურად, ნაადრევი იყო. IS-K-მ კვლავ შეძლო დაბრუნება. მართალია ისინი პროვინციებსა და რაიონებს ვეღარ აკონტროლებდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ კვლავ შეეძლოთ სისხლისმღვრელი ტერაქტების მოწყობა.

IS-K-ს ძალები ცეცხლს უხსნიან თალიბანის პოზიციებს, კუნარის პროვინცია, 2018 წელი

IS-K-ს თალიბანთან დაპირისპირების რელიგიური ფონი

თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი დაჯგუფებების რელიგიური შეხედულებებია. ორივე მათგანი სუნიტები არიან, თუმცა სხვადასხვა სკოლების მიმდევრები. 

ხორასნის პროვინციის დაჯგუფების დაარსებიდანვე, მასში ძირითადად სალაფიტები იყრიდნენ თავს, მათ შორის თალიბანის ყოფილი წევრები. IS-K-მ არა უბრალოდ უკვე მებრძოლი სალაფიტები, არამედ პაკისტანიდან და ავღანეთიდან ისეთებიც შემოიკრიბა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქამდე არც კი ჰქონია. 

სალაფიზმის მიმდინარეობა ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ხაზის გარშემო განსაკუთრებით პოპულარული 1980-იან წლებში გახდა. ამ დროს, როდესაც ავღანეთის საბჭოთა ოკუპაცია მიმდინარეობდა და ისლამისტთა წინააღმდეგობები სხვადასხვა ქვეყნებიდან იმოემართებოდნენ, პაკისტანის ქალაქ  პეშავარში ასობით ახლო აღმოსავლელ მებრძოლ არაბს ჰქონდა თავი მოყრილი. სწორედ მათ და მდიდარი არაბული ქვეყნების ისლამისტურმა ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს სალაფიზმის გავრცელებას პაკისტანსა და ავღანეთში. ეს გახდა გამოწვევა სუნიტური ისლამის ჰანაფიზმის სკოლის მიმდევრებისთვის, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ და დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში მათი მოძღვრება იყო დომინანტი. სალაფიზმი ძირითადად პაკისტანის პეშავარისა და მის მოსაზღვრე მიწებზე გავრცელდა, მათ შორის ავღანეთის ნანგარჰარისა და კუნარის პროვინციებში.

ავღანეთის თალიბანში რელიგიურად ჰანაფიზმის სკოლის დეობანდის სექტის მიმდევრები არიან. როდესაც მათ 1996 წელს ავღანეთში ისლამური საამირო გამოაცხადეს, ისინი ზღუდავდნენ სალაფიტებს. ჰანაფიზმის მიმდევრები კანონის წყაროდ აღიარებენ: ყურანს, ჰადითს, იჯმას (“თანხმობა” - ისლამის სწავლულთა თანხმობა), კიასს (ყურანისა და ჰადითის სწავლებების შედარების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება), ისთიჰსანსა (სასურველი აზრის გამოყენება, თუკი კიასის გამოყენება სხვა რელიგიურ დოგმასთან, ან საზოგადო ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოვიდა) და ურფს (“ცოდნა”). თუკი ჰანაფიტებისთვის დაშვებულია წმინდა ტექსტების ინტერპრეტაცია, ეს მიუღებელია სალაფიტებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისლამს დროის განმავლობაში შეძენილი სიახლეები უნდა ჩამოშორდეს და სამართლის წყაროდ მხოლოდ ყურანსა და სუნას თვლიან.

რაც შეეხება დეობანდის სექტას, ის ბრიტანეთის ინდოეთში, ქალაქ დეობანდში 1867 წელს შეიქმნა. გარდა იმისა, რომ ეს სექტა თავს ჰანაფიზმის ნაწილად მიიჩნევს და, სხვა მიმდინარეობებისგან განსხვავებით, მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ისეთი რიტუალები, მაგალითად, როგორიც მოციქული მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნაა, კიდევ ერთი რამ ახასიათებთ. დეობანდიზმი, შეიძლება ითქვას, რომ არა უბრალოდ რელიგიური, არამედ საკმაოდ პოლიტიკური მოძღვრებაა და მიმართული იყო კოლონიალიზმის წინააღმდეგ. მისი ჩამოყალიბება სწორედ 1857-1858 წლის ინდოეთის ანტიბრიტანულ აჯანყებას მოჰყვა. გასაკვირი არაა, რომ მან ფეხი მარტივად მოიკიდა პუშტუნთა ეთნიკურ ტომში, დურანდის ხაზის გარშემო. ეს საზღვარი ჰყოფდა ავღანეთსა და ბრიტანეთის ინდოეთს, რომლის ნაწილიც დღევანდელი პაკისტანიც იყო. პაკისტანის სახელმწიფო დაზვერვამ დეობანდიზმი, როგორც ანტიკოლონიალისტური და ანტისაოკუპაციო მოძღვრება, კარგად გამოიყენა ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის დროს. შესაბამისად, ამ მოძღვრებამ დიდი როლი ითამაშა აშშ-ს 2001 წლის ინტერვენციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებშიც. 

დარულ ულუმის სემინარია ინდოეთში, ქალაქ დეობანდში. ამ სემინარიაში დაიბადა დეობანდის სექტა.

ავღანეთში სალაფიტებმა მხოლოდ 2001 წელს, ამერიკის შეჭრის დროს, დაიწყეს ხელახლა მოძლიერება, რადგან თალიბანმა აშშ-ს ძალების წინააღმდეგ მათთან მოკავშირეობა აირჩია. თუმცა, თალიბებმა სალაფიტებს არ მისცეს საკუთარი დაჯგუფებების შექმნის უფლება. 

შესაბამისად, როდესაც შეიქმნა IS-K, რომლის სათავეშიც სალაფიტები იყვნენ, ეს ამ მიმდინარეობის რადიკალებისთვის გახდა შანსი, რომ დაეარსებინათ საკუთარი ძლიერი დაჯგუფება და თანამოაზრეები მალევე შეიკრიბნენ. პარალელურად იზრდებოდა თავდასხმების რიცხვი დეობანდის სექტის მიმდევარ თალიბ ლიდერებსა და წევრებზე, მათ შორის პაკისტანის პეშავარშიც. 

მაგალითად, IS-K-ში დაწინაურდა სალაფიტი სასულიერო პირი, შეიხ ჯალალუდდინი. დაჯგუფებაში შესვლამდე, ის ცნობილი იყო ჰანაფიტებთან რელიგიურ საკითხებზე დებატებით, პეშავარის მიდამოებში. მისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, იყო ჰანაფიტი შეიხ რაჰიმ ულა ჰაკანი, რომელიც თალიბანის გავლენიანი წევრიც იყო. IS-K-მ მასზე რამდენჯერმე მოაწყო ტერაქტი, თუმცა გადარჩა. ულა ჰაკანი 2018-2019 წლებში თალიბებთა IS-K-სთან ბრძოლის დროს, ნანგარჰარში, ფრონტის ხაზზე ჩადიოდა და მათ სალაფიტების დაუნდობლად დახოცვისკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ, ულა ჰაკანი 2020 წელს, პეშავარში, სასულიერო სემინარიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა IS-K-ს არ აუღია, თუმცა ეჭვი მათზე მიჰქონდათ.

სისხლიანი დაბრუნება

მოსკოვის მიმდებარედ მომხდარი ტერაქტი ISIS-K-სთვის არც პირველი და არც მეორე სისხლისმღვრელი ტერაქტია. თუმცა ეს თავდასხმა მიუთითებს, რომ დაჯგუფება რეგიონულ ჩარჩოს თანდათან ცდება. 

ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო 2021 წლის 26 აგვისტოს, როცა ქაბულის აეროპორტში მოწყობილი აფეთქების შედეგად ავღანეთის 170 მოქალაქე და 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამ პერიოდში, როცა აშშ-ს ავღანეთიდან ჯარები გაჰყავდა, აეროპორტში ხალხის დიდი მასები ქვეყნის დასატოვებლად იკრიბებოდნენ. ISIS-K-მ ქაოსური სიტუაციით ისარგებლა. თუმცა მათ წარსულშიც მოუწყვიათ მსგავსი სისხლიანი ტერაქტები. მაგალითად,  მაგალითად, 2020 წლის მარტში, ქაბულში დაჯგუფების თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა პარტია ჰეზბ-ი ვაჰდატის ლიდერის, აბდულ ალი მაზარის წლისთავის ცერემონიაზე, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა 80-ზე მეტი.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება თალიბანმა დაიბრუნა, ხორასნის ვილაიეთმა ძალები კვლავ აღიდგინა. 2021 წლის ნოემბერში The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ავღანეთის ყოფილი მთავრობის სამხედროებისა და დაზვერვის ჯაშუშების ნაწილი, რომელთაც აშშ წვრთნიდა, თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად ISIS-K-ში გაწევრიანდნენ.

საინტერესოა, რომ ISIS-K-ს რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმა წარსულშიც ჩაუდენია, თუმცა ავღანეთის ტერიტორიაზე. 2022 წლის 5 სექტემბერს აფეთქება მოხდა ქაბულში მდებარე რუსეთის საელჩოში. მაშინ 8-10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საელჩოს ორი თანამშრომელი. მედიაში გავრცელებული იყო ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ISIS-K-მ აიღო.

2024 წლის ტერაქტების სეზონი ტერორისტულმა დაჯგუფებამ მალევე გახსნა. 3 იანვარს ირანში, ქერმანში ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. შემთხვევას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ISIS-K-მ აიღო.

ირანში მოწყობილი ტერაქტის შედეგი
Sare Tajalli/ISNA, via Agence France-Presse - Getty Images

აშშ-მ საკუთარი მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ 7 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ტეროტისტული თავდასხმა და ამერიკელებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. მალე ეს განცხადება გაიმეორეს დასავლეთის სხვა ქვეყნებმაც. ეს, რა თქმა უნდა, გაფრთხილება იყო რუსეთისთვისაც, თუმცა მათი განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. თუმცა, ამავე დღეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მოკლეს ყაზახეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთში სინაგოგაზე ტერაქტს გეგმავდნენ. მათივე მტკიცებით, ისინი ISIS-K-ს წევრები იყვნენ. როგორც ჩანს, ეს დაჯგუფება თანდათან გაცდა ავღანეთის რეგიონს და წევრების რეკრუტირებას ცენტრალური აზიიდან ახდენს. 

ISIS-ი რუსეთთან ჩეჩნეთისა და სირიის გამოა დაპირისპირებული. როგორც რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza წერს, დაჯგუფების მხარდაჭერთა რიცხვის ზრდა დაიწყო ავღანეთის იმ რეგიონებში, რომლებშიც ეთნიკური უზბეკები და ტაჯიკები ცხოვრობენ. დაჯგუფება ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელისუფლებებს ემუქრება და მათ "რუსეთის იმპერიის მარიონეტებს" უწოდებს. ამავე მედიის შეფასებით, ISIS-K-ს ბრძოლა რუსეთთან, არის ბრძოლა რესურსებისთვის, პირველ რიგში რადიკალურად განწყობილი უზბეკებისთვის, ტაჯიკებისთვისა და მახლობლად მცხოვრები სხვა ხალხისთვის.

Soufan Group-ის ანტიტერორისტულმა ანალიტიკოსის, კოლინ პ. კლარკის თქმით, "ISIS-K რუსეთზე ფოკუსირებულია ბოლო 2 წლის განმავლობაში" და ისინი ხშირად აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის პროპაგანდას. მისივე თქმით, "ISIS-K ადანაშაულებს კრემლს, რომ მათ ხელებზეა მუსლიმთა სისხლი, რაშიც გულისხმობენ ინტერვენციებს ავღანეთში, ჩეჩნეთსა და სირიაში".

რუსეთში მომხდარი ტერაქტი ხორასნის ვილაიეთისთვის საკუთარი რეგიონის ფარგლებს გარეთ მოწყობილი უდიდესი თავდასხმაა. ეს შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ მსგავსი შემთხვევების საფრთხე მომავალშიც იარსებებს. საინტერესოა, რომ დასავლელი კონტრტერორისტული ორგანოების წარმომადგენლების თქმით, ISIS-K-ს რამდენიმე თავდასხმა, რომლებსაც ევროპაში გეგმავდნენ, გასულ თვეებში ჩაშალეს. რაც შეეხება რუსეთს, მისი მთელი ყურადღება  უკრაინისკენ არის გადატანილი. მომხდარი ტერაქტის შემდეგაც თავად ვლადიმირ პუტინი ცდილობდა, რომ ხელი უკრაინისკენ გაეშვირა და ირწმუნებოდა, რომ ტერორისტები მანქანით მიდიოდნენ სწორედ ამ მეზობელი ქვეყნისკენ, სადაც მათთვის ხ იქნებოდა სპეციალური გადასასვლელი ფანჯარა. ამ ბრალდებას უარყოფენ როგორც კიევში, ისე ვაშინგტონში. რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ დავალება, რომ ტერორისტები, რომლებიც თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ცოცხლად აეყვანათ. მათ ეს შეძლეს კიდეც, რასაც, სავარაუდოა, რომ მოსკოვი უკრაინის ომის პროპაგანდისთვის გამოიყენებს. უკვე გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ აწამებენ ტერორისტებს. არაა გამორიცხული, რომ მათ, წამების ფონზე, ჩამოართვან ცრუ ჩვენებები, რომლებიც თავდასხმას უკრაინელებს დაუკავშირებს.

კროკუს სითი ჰოლი თავდასხმის დღეს
​​​​Sergei Vedyashkin/Moscow News Agency via AP

კომენტარები