თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ერთ-ერთ ტერორისტს აწამებენ

ერთ-ერთი დაკავებული ტერორისტი, რომლის წამების ამსახველი ფოტოც გავრცელდა

რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს თუ როგორ აწამებენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილი თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს. 

ფოტოში ჩანს პირი, რომელიც გასულ დღეს, დაჭერის შემდეგ გადაღებულ დაკითხვის ვიდეოებში ფიგურირებდა. ამ კადრებში ის ამბობდა, რომ მისი სახელია ფარიდდუნ შამსუთდინი, დაბადებული 1998 წლის 17 სექტემბერს.

24 მარტს გავრცელებულ ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

აქამდე, ტერორისტების დაკავების დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთ თავდამსხმელს რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები