რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინისკენ გასროლილმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დაარღვია

რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინისკენ გასროლილმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალები X-ზე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დილის 4:23 საათზე დაარღვია და 39 წამის შემდეგ დატოვა. 

"იერიშის მიზანი დასავლეთ უკრაინის ქალაქები იყო. რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე ქალაქ ოსერდოვთან ახლოს გადაკვეთა და მასში 39 წამი დარჩა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას სამხედრო რადარები აკვირდებოდნენ. ამ ღამით, ყველა საჭირო პროცედურა დაიწყო პოლონეთის საჰერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" – წერია განცხადებაში.

24 მარტს, დილის საათებში ოკუპანტებმა ლვოვის მიმართულებით 20 რაკეტა და 7 კამიკაძე დრონი გაისროლეს. 

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვისა და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის მიხედვით, რუსეთი მიზნად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას ისახავდა.

კომენტარები