თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

Crocus City Hall-ში აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში 320 მეხანძრე და 130 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მონაწილეობს. მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები