ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

90 წლის ისრაელელ-არგენტინელმა ქალმა მესის ხსენებით ჰამასის ტერორისტებისგან თავი დაიხსნა

90 წლის ესთერ კუნიო და ჰამასელი ტერორისტი
Fuenta Latina

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს ნირ ოზის კიბუცში მცხოვრებმა 90 წლის ესთერ კუნიომ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ხსენებით მის სახლში შეჭრილი ტერორისტებისგან დაიხსნა თავი.

ამის შესახებ კუნიომ ისაუბრა დოკუმენტურ ფილმში, Voces Del 7 De Octubre - Latino Stories of Survival.

ისრაელელ-არგენტინელი კუნიოს თქმით, ორი შეიარაღებული კაცი მისი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელზე ეკითხებოდა, მან კი საუბარი თავის მშობლიურ ენაზე და, შემდეგ, მესიზე გადაიტანა.

- არ დამელაპარაკოთ, რადგან თქვენი ენა არ ვიცი. თქვენ არაბულად საუბრობთ და მე ებრაული ცუდად ვიცი. მე არგენტინულ ესპანურად ვსაუბრობ. 

- არგენტინა რა არის?

- ფეხბურთს უყურებ?

- კი, კი, მომწონს ფეხბურთი.

- მე იქიდან ვარ, საიდანაც მესია.

- მესი! მე მომწონს მესი.

საუბრის შემდეგ, კუნიოს თქმით, კაცმა ხელი მხარზე დაადო, კალთაში AK-47 ტიპის ავტომატური იარაღი ჩაუდო და მასთან ერთად ფოტო გადაიღო, რის შემდეგაც ტერორისტები წავიდნენ.

კუნიომ თქვა, რომ თავისი „ოქროს ბიჭების“ დაბრუნებას ელის - ნირ ოზის კიბუცის სხვა ადგილიდან მისი შვილიშვილები, 33 წლის დევიდი და 26 წლის არიელი გაიტაცეს, რომლებიც კვლავ ტერორისტების მძევლობაში იმყოფებიან. მანამდე, ნოემბრის ზავის დროს დევიდის ცოლი და ტყუპი შვილები გაათავისუფლეს.

კომენტარები