რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ საფრანგეთი უკრაინაში 2000 ჯარისკაცს გზავნის

სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, რუსული მხარე ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი უკრაინაში 2 000-ჯარისკაციანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

"ქვეყნის (რედ. საფრანგეთის) ახლანდელ ხელმძღვანელობას ჩვეულებრივი ფრანგი ხალხის სიკვდილი ან გენერლების საფიქრალი არ ანაღვლებს. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში გასაგზავნ კონტინგენტს უკვე ამზადებენ. საწყის ეტაპზე, ეს 2 000 ჯარისკაცს მოიცავს". - განაცხადა ნარიშკინმა.

ნარიშკინის მტკიცებით, საფრანგეთის ჯარში შიშობენ, რომ ასეთი მოცულობის სამხედრო დანაყოფის გადაყვანა უკრაინაში შეუმჩნევლად ვერ ჩაივლის. შესაბამისად, ნარიშკინის თქმით, ეს დანაყოფი "რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური პრიორიტეტის მქონე სამიზნე გახდება".

მოგვიანებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ გავრცელებულ განცხადებებს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. საფრანგეთის თქმით, ნარიშკინის განცხადებები უპასუხისმგებლო და დეზინფორმაციული იყო.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, "რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მიერ ორკესტრირებული მანევრი, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებას".

"მსგავსი სახის პროვოკაციას ჩვენ უპასუხისმგებლოდ მივიჩნევთ". - წერია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები