რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის გუბერნატორი: 9000-მდე ადამიანის ევაკუაციას ვიწყებთ

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
RBC

ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდიდან 9000-მდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

"ვგეგმავთ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის ოლქიდან, შებეკინსკისა და გრაივორონსკის რეგიონებიდან 9000-მდე მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციას. 22 მარტს 1200 ბავშვი პენზასა, ტამბოვსა და კალუგაში გაემგზავრება". – ამბობს გლადკოვი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 19 მარტის დილას საჰაერო თავდაცვამ 9 ვამპირის ტიპის უკრაინული ჭურვი ჩამოაგდო. იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის ერთმა მცირეწლოვანმა ხელის ნაწილი დაკარგა.

გუბერნატორის თქმით გასულ კვირას ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.

ბოლო დღეებში, პროუკრაინული რუსული მოხალისეობრივი ჯგუფების სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ბელგოროდის ოლქი დრონების სამიზნეც ხშირად ხდება. რუსული მოხალისეთა კორპუსი, ციმბირის ბატალიონი და ლეგიონი თავისუფლება რუსეთს რეგიონში სამხედრო რეიდებს ატარებს, ციმბირის ბატალიონის მტკიცებით, დაკავებულია ერთ-ერთი რუსული დასახლება.

პროუკრაინული ჯგუფების მეთაურებმა, მშვიდობიანი მოსახლეობის სამხედრო მოქმედების ზონიდან ევაკუაციის მოთხოვნით ოლქის ადმინისტრაციას და პირადად ვლადიმირ პუტინს არაერთხელ მიმართეს.

კომენტარები