ვეტინგი

მდინარაძე: ე.წ ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, თავს ნუ შეიწუხებენ დაძალებისგან

მამუკა მდინარაძე

"შეგვიძლია, თამამად, ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ" - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მოსამართლეების ე.წ ვეტინგის სისტემაზეც იმსჯელეს.

"რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან.

კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ, ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან თუ პიარ კამპანიებისგან" - თქვა მდინარაძემ.

უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვას.

სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს. 14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. მეხუთე მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ისიც მზადაა ტესტის გასავლელად.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.

კომენტარები