ბექა ოდიშარია

ოდიშარია მოსამართლეებზე: წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა იმ მოსამართლეებს, რომლებიც არ იზიარებენ ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პროცედურა "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას”.

"მე, როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს ისე რჩევას მივცემდი, რომ არცერთ მოსამართლეს არა აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა". - თქვა ოდიშარიამ.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.

უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ვეტინგის დანერგვას.

სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს.

გუშინ, 14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

კომენტარები