ვეტინგი

წოწორია: უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში არ ვმონაწილეობდი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის ბრალდებას ეხმიანება და წერს, რომ უკრაინაში მოსამართლეების ე.წ. ვეტინგის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

"უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი. მე ვმონაწილეობდი გენერალური პროკურორის მოადგილის/მთავარი ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავა". - წერს წოწორია Facebook-ზე.

მანამდე, 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის Facebook-პოსტის კომენტარებში თევზაძემ თქვა, რომ უკრაინაში ე.წ. ვეტინგი ნონა წოწორიამ ჩაატარა, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი, რომელიც პროცესის შედეგად აირჩიეს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

"ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს". - დაწერა თევზაძემ.

უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვას.

სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს.

14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. მეხუთე მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ისიც მზადაა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ტესტის გასავლელად.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.

კომენტარები