რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში არჩევნების პირველ დღეს ბელგოროდი დაიბომბა, საარჩევნო უბნები დროებით დაიკეტა

დრონების იერიში ბელგოროდში, 2024 წლის 15 მარტი
Meduza

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებული 17 ადამიანი. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ.

15 მარტის დილას ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით საჰაერო თავდაცვამ 7 ვამპირის ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

პროპაგანდისტული მედია Ria Novosty-ს ცნობით დაბომბვის მომენტში საარჩევნო უბნებზე ხმების მიცემა ნახევარი საათით შეჩერდა.

სხვადასხვა ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, ბელგოროდში რამდენიმე მანქანა დაზიანდა, ასევე ერთ შენობას გაუჩნდა ხანძარი.

მოგვიანებით ბელგოროდის ოლქის მეთაურმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთედ იყრის კენჭს.

კომენტარები