რუსული ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს – სუს

სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საკითხი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მწვავედ დააყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად" - აცხადებს სუს-ი.

გიორგი მელაძე, ხვიჩა კორინთელი და დიტო კორინთელი რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან 2023 წლის 24 ნოემბერს გაიტაცეს. ხვიჩა კორინთელი საოკუპაციო ძალებმა დეკემბერში გაათავისუფლეს.

კომენტარები