შსს

შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავს, კიდევ ორს საქართველო ივნისამდე მიიღებს (VIDEO)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენი ქართულ მხარეს გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში გადასცეს. 

"თანამედროვე ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-ის ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები" - აცხადებს შსს.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

კომენტარები