შსს

შსს 26 500 000 ევროდ 3 სამაშველო და პოლიციურ შვეულმფრენს ყიდულობს

Airbus Helicopters

შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 500 000 ევროდ ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან 3 სამაშველო და პოლიციურ შვეულმფრენს ყიდულობს

უწყების ცნობით, H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

ფრანგულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის მიხედვით, AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს საქართველო Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროთი დაიზოგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.

კომენტარები