დიდი ბრიტანეთი

მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ქეით მიდლტონის ბოლო ფოტოს ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ

PRINCE OF WALES

მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, როგორებიცაა AFP, Associated Press, Reuters და Getty Images ქეით მიდლტონის ბოლოს გავრცელებული ფოტოს ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ამ საერთაშორისო გამოცემებმა ქეით მიდლტონის და მისი შვილების ფოტო თავიანთი ვებგვერდებიდან აიღეს, რადგან მათი აზრით, ფოტო შესაძლოა ციფრული მანიპულაცია იყოს. მრავალი თანამედროვე საინფორმაციო სააგენტო შლის სავარაუდოდ ციფრულად დამუშავებულ ფოტოებს სანამ ოფიციალურ განმარტებას არ მიიღებენ. 

საერთაშორისო გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ პრინცესა შარლოტას მარცხენა ხელის შეუსაბამო პოზიციაზე. სხვა მედიები ასევე ხაზს უსვამენ პრინც ლუისის და ჯორჯის ხელების მდგომარეობებს და ჩრდილების არაბუნებრიობას ქეითის და შარლოტის თმაზე. აღსანიშნავია, რომ გამოცემები კენსინგტონის სასახლეს არ ადანაშაულებენ მთლიანი ფოტოს სიყალბეში, არამედ ამტკიცებენ, რომ ფოტო ციფრულადაა დამუშავებული. კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებს ამ ბრალდებების შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ უელსის პრინცესამ სოციალურ ქსელში პირველი ფოტო 10 მარტს გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო დედის დღეს თავად პრინცი უილიამის მიერაა გადაღებული.

17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.

მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.

კომენტარები