დიდი ბრიტანეთი

იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონის პირველი ფოტო გავრცელდა

citizen.digital

იანვარში გაკეთებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პირველად ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული. 

17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.

ბოლოს ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან და შვილებთან ერთად სენდრინგემის სასახლეში საშობაო ღონისძიებაზე გამოჩნდა. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. 

კომენტარები