ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლო დავა სააპელაციოშიც მოუგო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია პირველს ირაკლი კობახიძის დედისთვის, თამარ ზაალიშვილისთვის 5 555 ლარის, ხოლო ჟურნალისტსა და პროდიუსერს 5 000 - 5 000 ლარის გადახდა ჰქონდათ დაკისრებული.

თამარ ზაალიშვილმა TV პირველს 2022 წლის სექტემბერი სასამართლოში უჩივლა.

ტელეკომპანია პირველის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაა.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ, უკანონოდ შეუზღუდა მედიას გამოხატვის თავისუფლება და მაუწყებლის ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც საუბარი არის კონკრეტულ შემთხვევებზე და სავარაუდო კანონდარღვევებზე. 

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივი ნაწილი, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, თუნდაც ხანდაზმულობის ნაწილთან მიმართებით, ასევე ჟურნალისტებთან მიმართებით და საგამოძიებო ჟურნალისტების სპეციფიკა, რომელიც უგულებელვყო, როგორც მოსარჩელემ, ასევე საქალაქო სასამართლომაც და სააპელაციო სასამართლომაც”.- თქვა მიგინეიშვილმა.

თამარ ზაალიშვილი ამბობს, რომ მისი მხრიდან ვადის გადაცილება არ ყოფილა და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ აღსრულდა სამართალი. საკითხზე კომენტარი ირაკლი კობახიძემაც გააკეთა

"თქვენ რომ არ დაგებრალებინათ სრული სიცრუე, არ მოგიწევდათ სასამართლოში სიარული …სიცრუის გაჩუმების მცდელობა არის ეს…მოიტყუეთ, ამიტომ გიწევთ სასამართლოში სიარული". - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

TV პირველი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა. ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში თამარ ზაალიშვილზე სიუჟეტი "ყალბი დიპლომები სარდაფიდან" 2022 წლის 10 ივლისს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ჰყვება, რომ წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ სარდაფში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყალბ დიპლომებს გასცემენ. სიუჟეტში უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, მარინა მიქაუტაძე ამბობს, რომ "სისტემურ დანაშაულზე" უწყებების დუმილის მიზეზი ირაკლი კობახიძე და მისი დედა, თამარ ზაალიშვილი იყვნენ, რომელსაც, მისივე ცნობით, გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი. 

კომენტარები