ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის დედა, თამარ ზაალიშვილი TV პირველს სასამართლოში უჩივის

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედა, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანია პირველს სასამართლოში უჩივის. მისი შეფასებით, ცილისმწამებლურია ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა. 

"თითქოს და მე, თამარ ზაალიშვილი, როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ვახდენდი ყალბი დიპლომების ლეგიტიმაციას. ეს საშინელი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადებები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მეწარმოებინა ეს სასამართლო დავა ტელეკომპანია პირველის მიმართ". - ამბობს ის იმედთან ინტერვიუში. 

სამთავრობო მედია იმედის ინფორმაციით, ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით "სიმბოლურად" 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან კი 5-5 ლარს ითხოვს.   

ტელეკომპანია პირველის ადვოკატის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ სასამართლო შეძლებს, კანონის ფარგლებში დარჩეს და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. 

"ობიქტურად, სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი შესაძლებლობა არ არის, ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს არსებული კანონმდებლობითა და არსებული სასამართლო პრაქტიკით ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და შეძლებს, რომ დარჩეს კანონის ფარგლებში, მიიღოს კანონიდან გამომდინარე სამართლიანი გადაწყვეტილება". - ამბობს ქეთევან ზანდუკელი, ტელეკომპანია პირველის ადვოკატი.  

ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში თამარ ზაალიშვილზე სიუჟეტი "ყალბი დიპლომები სარდაფიდან" 2022 წლის 10 ივლისს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ყვება, რომ წერეთლსი ქუჩაზე ერთ-ერთ სარდაფში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყალბ დიპლომებს გასცემენ. სიუჟეტში უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, მარინა მიქაუტაძე ყვება, რომ "სისტემურ დანაშაულზე" უწყებების დუმილის მიზეზი ირაკლი კობახიძე და მისი დედა, თამარ ზაალიშვილი იყვნენ, რომელსაც, მისივე ცნობით, გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი. 

კომენტარები