საქართველო-NATO

საქართველო მასპინძლობს სწავლება Trojan Footprint 2024-ს NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით

ქართველი სამხედროები Trojan Footprint 2021-ის წვრთნებზე
აშშ-ს საელჩო

საქართველო მრავალეროვნულ სწავლება Trojan Footprint 24-ს მასპინძლობს. წვრთნებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფები. გახსნის ოფიციალური ცერემონია NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 4 მარტს გაიმართა. სწავლება აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით იმართება.

სწავლება, რომელშიც NATO-ს ქვეყნებიც მონაწილეობენ, სამ სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველოში, რუმინეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ტარდება. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ჩასატარებელ წვრთნებში მონაწილეობენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები. 

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, "სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები".

""ტროას ნაკვალევი 24" მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში მესამედ მონაწილეობს. მსგავსი სახის საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობით, საქართველო აძლიერებს შეკავებისა და მდგრადობის შესაძლებლობებს, ზრდის თავდაცვისუნარიანობას და ნატოს წევრ ქვეყნებთან თავსებადობას." – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"საქართველო სპეციალური ოპერაციების მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „ტროას ნაკვალევს“ მასპინძლობს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალები მსოფლიო პარტნიორთა და მოკავშირეთა ქსელში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ. საქართველო, აღნიშნულ სწავლებაში მესამედ მონაწილეობით, კიდევ უფრო გააძლიერებს თავდაცვის შესაძლებლობებსა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თავსებადობას. „ტროას ნაკვალევის" სწავლება აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით იმართება." – წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

კომენტარები