2020 წლის ივნისში საგადასახადო კომპანია Wirecard-ის ოპერაციული დირექტორი, იან მარსალეკი უკვალოდ გაუჩინარდა, რამდენიმე მილიარდ დოლართან ერთად. ერთი თვის შემდეგ The Insider-მა და Bellingcat-მა გაარკვიეს, რომ თაღლითი რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე იმალებოდა და ხანგრძლივი კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან. The Insider-მა გაარკვია დეტალები, როგორ გადაიბირეს მარსალეკი ახალგზარდა, ქერა ქალის დახმარებით და როგორ მალავენ მას რუსეთში მღვდლის იდენტობით. ამას გარდა, საგამოძიებო პროექტმა გაარკვია, რა მოვალეობებს ასრულებდა მარსალეკი რუსეთის სამსახურებისთვის. გამოძიების მიხედვით, ის აქტიურად თანამშრომლობდა კსკ ვაგნერთან, რუსეთს აწვდიდა მონაცემებს ევროპული სპეცსამსახურების თანამშრომლებზე და უთვალთვალებდა The Insider-ის გამომძიებელს, ხრისტო გროზევს.
ქერა ქალი და მარსალეკის გადაბირება იახტაზე
2014 წლის 6 ივლისს წარმოშობით ყაზახეთიდან, რუსმა მოდელმა ნატალია ზლობინამ 30 წლის იუბილე იახტა Poseidon II-ზე აღნიშნა, საკუთარ ახალ საყვარელთან, გერმანული საგადასახადო კომპანია Wirecard-ის ოპერაციულ დირექტორ იან მარსალეკთან ერთად. აქედან 1 წელში Financial Times-მა ამ კომპანიაზე დაიწყო საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება, რის საფუძველზეც 2020 წელს ოფიციალური გამოძიებაც, მასობრივი დაკავებები, ჩხრეკები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კომპანიაში 2 მილიარდი დოლარი გამქრალი იყო. მალე მარსალეკი ევროპაში ნომერ პირველი ძებნილი ფინანსისტი გახდა. თუმცა, მაშინ, 2014 წელს მარსალეკს ჯერ კიდევ არ ელოდა საფრთხე და ის პოსეიოდნის ბორტზე ერთობოდა.
ხომალდზე ყოფნის დროს ნატაშამ მარსალეკს თავისი ნაცნობი გააცნო. "ეს სტასია, ГРУ-ს გენერალი", - ასე გააცნო ქალმა მას თავისი მეგობარი. ეს პიროვნება იყო სტანისლავ პეტლინსკი, ოპერაციული სახელით ბორის გრინი, რომლის ოფიციალურ მონაცემებში ГРУ სულაც არ იყო ნახსენები, არამედ ის მოხსენიებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლად, ახლა კი თავს "უსაფრთხოების მრჩეველს" უწოდებს. მაგრამ ჩეჩნეთის ომის დროს ის ГРУ-ს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური იყო და მას შემდეგ ჩართული იყო სამხედრო დაზვერვის საქმიანობაში.
წვეულება სამი დღე გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში სტასი მარსალეკს საკუთარ ჯაშუშურ ამბებსა და ჩეჩნეთის ისტორიებს უყვებოდა. იანს დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდა იარაღი და სროლა, სტასი კი საუკეთესო მსროლელი იყო და საგადასახადო კომპანიის ოპერაციულ დირექტორს შესთავაზა მოსკოვის დახურულ ტირში შეყვანა. აქ წვრთნებს გადიოდნენ რუსული ელიტური სპეცრაზმელები, ვიმპელისა და ალფას მებრძოლები. ორი პირი, რომელიც წვეულებას დაესწრო, გამოძიებასთან ამბობდა, რომ პირველი საღამოს შემდეგ ეს ორი კაცი მუდამ ერთად იყვნენ.
მომდევნო წლებში სტანისლავ პეტლინსკიმ სულ უფრო აქტიურად დაიწყო მარსალეკის პირად და კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობა. მისი რამდენიმე ნაცნობის თქმით, იანი საკუთარ ცხოვრებას ყოფდა სტასამდე შეხვედრად და შეხვედრის შემდეგ ცხოვრებად. პეტლინსკის ბინები ჰქონდა რუსეთში, მონაკოსა და მილანში, თუმცა ის ხშირად ჩადიოდა მიუნხენში მარსალეკის სანახავად. ახალ მეგობარს უთხრა, რომ აქ ავადმყოფი დედა სამკურნალოდ ჰყავდა გამოგზავნილი.
ნატაშა ზლობინა მარსალეკს არაერთხელ დაეხმარა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარებაში, თუმცა ქალმა კაცთან არამხოლოდ ურთიერთობა შეინარჩუნა, არამედ მისი საქმიანი პარტნიორიც გახდა.
ნატალია ზლობინა მარსალეკთან შეხვედრის დროს რეგისტრირებული იყო სარეკლამო სააგენტოში, თუმცა აქამდე ეროტიკულ მოდელად და მსახიობად მუშაობდა და მონაწილეობას იღებდა დაბალი ხარისხის ფილმებში, სადაც, სხვასხვა როლებთან ერთად, ჯაშუშის როლსაც თამაშობდა. ეს როლი მან შეასრულა ამერიკულ-რუსულ ეროტიკულ ტრილერში ვამპირების შესახებ - Bloodlust 2-ში, რომელიც 1996 წელს გამოვიდა. ზლობინა მარსალეკს დაჰპირდა, რომ მოიზიდავდა ინვესტორს, რომელიც კომპანია Wirecard-ისთვის პარტნიორ კომპანიას შექმნიდა. 2013 წლის აგვისტოში ქალმა დაარეგისტრირა საგადასახადო სტარტაპი შპს Bytemax-ი. მისი თანამფლობელი გახდა ბიზნესპარტნიორი დიმიტრი პიანკოვსკი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოსკოვის ხელისუფლების ელექტრონულ საგადასახადო სისტემების განვითარებაზე.
ამის შემდეგ ნატაშასა და იანს ახლო საქმიანი და პირადი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა Bytmax-ის საქმე კარგად არ მიდიოდა და მალე სტარტაპ კომპანია Wirecard-ის მევალე გახდა. გერმანულ კომპანიას საბოლოოდ ვალი ვერ გადაუხადეს და სტარტაპმა მუშაობა შეწყვიტა. თუმცა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა იანისა და ნატალიას ურთიერთობა და ის საქმიანი პროექტებიც, რომლებიც Wirecard-თან კავშირში არ იყო. ქალი და კაცი ხშირად მოგზაურობდნენ ერთად რუსეთსა და საზღვარგარეთ ისე, რომ მათ ხარჯებს კომპანია Wirecard-ი ფარავდა. 2013 წელს ისინი გროზნოშიც ჩავიდნენ, რათა რამზან კადიროვის ოჯახის წევრები გაეცნოთ. კადიროვს სჭირდებოდა ჰონკონგში არსებული 400 მილიონი დოლარის გათეთრება და ევროპაში გადანაცვლება და მას ნატაშამ იანი გააცნო როგორც ადამიანი, რომელსაც ამ საქმის მოგვარება შეეძლო.
The Insider-ის წყაროს ცნობით, ჩეჩნები ნატალიას და იანს ორჯერ შეხვდნენ, ვენაში და აზიაში. 2014 წელს ვენაში ნატაშა ზლობინას ერთ-ერთი თანამგზავრი ჩეჩენი იყო ახმედ პაკაევი, ФСБ-ს მაიორი, რომელიც წარსულში რუსეთის ინტერპოლის წარმომადგენელი იყო. The Insider-სა და Der Spiegel-ს ხელში ჩაუვარდა მიმოწერა, რომელშიც პააევმა მარსალეკს გააცნო კონსტანტინ ტოროპი, ე.წ. საერთაშორისო პოლიციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კორპორაციის (MPKOB) დირექტორი. ეს იყო არასამთავრობო შეიარაღებული ფორმირება. იან მარსალეკს ელექტრონულ მეილზე - [email protected]ზე, რომელიც ვითომ გრენადის მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა, კონსტანტი ტოროპი წერდა, რომ პაკაევის რეკომენდაციით იანს მიენიჭა MPKOB-ის წევრობა.
ზლობინა მარსალეკს სხვა აქტივობებშიც დაეხმარა. მაგალითად, 2016 წელს მათ სტრატოსფეროში МиГ-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით იფრინეს.
Wirecard-ის რუსულ ბაზარზე შესვლა გადაიდო, თუმცა იანმა და ნატაშამ, სულ მცირე, ერთი ერთობლივი პროექტი წამოიწყეს: კრიპტოვალუტის მაინინგი იაკუტიაში. მათ ააშენეს მაინინგის ფერმა Atlas Mine-ი. ეს პროექტი ფინანსური პირამიდის პრინციპით შექმნეს და იწვევდნენ მესამე მხარის ინვესტიციებს, სთავაზობდნენ, რომ ციფრული ტოკენების სანაცვლოდ, მინიმალური ინვესტიცია, 100 დოლარი ჩაედოთ იმ გარანტიით, რომ ინვესტიცია ექვს თვეში გაიზრდებოდა. ცნობილი არაა, თუ რამდენი ინვესტორის მოზიდვა შეძლეს, თუმცა კომპანიის ვებგვერდი 2021 წლიდან აღარ მოქმედებს.
უცნობია, როდის დაიწყო ნატალიამ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობა, მაგრამ ის აშკარად სარგებლობდა დაზვერვის ოფიცრის დამახასიათებელი პრივილეგიებით. მონაცემთა ბაზაში მისი პასპორტის ინფორმაცია სხვა იდენტობით შეიცვალა. წაშლილია მისი მოგზაურობების ისტორიაც.
ვინ იყო თავად მარსალეკი
მარსალეკი 1980 წლის 15 მარტს, ვენაში დაიბადა და კლოსტერნოიბურგის გარეუბანში იზრდებოდა. ის სწავლობდა ფრანგულ ლიცეუმში, შემდეგ ადგილობრივ საშუალო სკოლაში. მასწავლებლების თქმით, ის განსაკუთრებით ნიჭიერი იყო. მისი დედა კი ამბობდა, რომ იანი მუდამ ებრძოდა დაწესებულ წესებს. მას შვილთან უკვე დიდი ხანია რაც კავშირი არ აქვს. იანი 1999 წლის ივნისში, 19 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც მშობლებთან იჩხუბა. ამავე წელს კომპანია Wirecard-ი უფრო და უფრო ვითარდებოდა და წინაურდებოდა. დედა შვილის კარიერას მედიის მეშვეობით ადევნებდა თვალს და ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებასთან თქვა: "Wirecard-ს დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი ეჭვის თვალით. იანმა ძალიან მალე აიწყო იქ კარიერა, ისე, რომ სკოლაც არ დაუსრულებია. ეს როგორაა შესაძლებელი?".
"ქარიზმა" - პასუხობენ ამ შეკითხვას Wirecard-ის ყოფილი თანამშრომლები. ამავე პასუხს ამბობენ იანის ყოფილი მასწავლებლები, საყვარლები და მეგობრები. უკვე 20 წლის ასაკში იანი გამოირჩეოდა შესამჩნევი ინტელექტით, ქარიზმითა და თავდაჯერებით.
Wirecard-მა პირველ რიგში აიღო პასუხისმგებლობა ინტერნეტ მაღაზიების საკრედიტო ბარათების გადახდების დამუშავებაზე. თავდაპირველად, ძირითადად ამ მომსახურებას პორნო და აზარტული თამაშების საიტებს უწევდნენ. კომპანიას ხელმძღვანელობდა მარკუს ბრაუნი. მისი და მარსალეკის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. მიზნების მიღწევაში ბრაუნს იანი ძალიან დაეხმარა. შედეგად, თავად მარსალეკი 30 წლის ასაკში, 2010 წელ კომპანიის მთავარი ოპერაციული დირექტორი გახდა. სკოლის დაუმთავრებლობამ მას ხელი არ შეუშალა, რადგან კარგად ეხერხებოდა პროგრამირება და ფლობდა ტექნოლოგიებს. ციფრული რევოლუციის პერიოდში, ეს საკმარისი იყო, რომ მას Wirecard-ის დამფუძნებელზე შთაბეჭდილება მოეხდინა.
Wirecard-ის გლობალურ ექსპანსიასთან ერთად კომპანიამ მიზნად დაისახა მთელ მსოფლიოში შეეძინათ აქტივები ტელეკომუნიკაციების ფირმებისგან, ავიაკომპანიებისგან და ა.შ. შემდეგში გაირკვა, რომ კომპანიის უეცარი ზრდა არა მხოლოდ ინოვაციების ხარჯზე, არამედ თაღლითობის მეშვეობით მოხდა. კომპანია ჩართული იყო კრიმინალური გზით მოპოვებული ფულის გათეთრებასა და ანგარიშების მანიპულაციებში.
მარსალეკი მდიდრულ ცხოვრებას მალე შეეჩვია, თუმცა ის მხოლოდ ძვირადღირებული სასმლითა და წვეულებებით ვერ კმაყოფილდებოდა. სჭირდებოდა ადრენალინიც, რომლის მიღების საშუალება ზლობინამ და პეტლინსკიმ მისცეს. ნელ-ნელა იანმა სუპერ ჯაშუშის ცხოვრება დაიწყო: ფლობდა სახელმწიფო საიდუმლოებებს, მონაწილეობდა პოლიტიკურ თაღლითობებში და ავტომატგადაკიდებული კერძო სამხედრო კომპანიებთან ერთად ცხელ წერტილებს ინახულებდა.
რუსეთის სპეცსამსახურები მარსალეკი არა საკუთარი დიდი ფინანსებისთვის, არამედ ფულის მართვის ნიჭისთვის სჭირდებოდათ, ასევე მისი განსაკუთრებული კავშირებისთვის.
როგორ ეხმარებოდა მარსალეკი რუსეთის დაზვერვას
მარსალეკმა რუსეთში ბიზნესის განვითარება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მოსკოვში ხშირად ჩადიოდა, თუმცა პეტლინსკისთან შეხვედრის შემდეგ მას რუსეთთან სრულიად ახალი სახის კავშირი ჰქონდა. მან გაიცნო მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცრები, ოლიგარქები და მაღალჩინოსნები.
პეტლინსკი სპეცსამსახურებში ოფიციალურად არ ირიცხებოდა, თუმცა აშკარად სარგებლობდა მათი პრივილეგიებით, რომლებიც უბრალო მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია. 2016 წლის აპრილში პეტლინსკი, ზლობინა და მარსალეკი ნიცაში ჩაფრინდნენ კერძო თვითმფრინავით. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ისინი დიპლომატიური ვიზიტით იყვნენ გაგზავნილი, თუმცა, როგორც წესით, მსგავს ამპლუაში მხოლოდ დიპლომატებს უშვებენ ხოლმე.
ყოველ ჩასვლაზე სტასი მარსალეკს აცნობდა ახალ ადამიანებს, რომლებიც დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. მან გაიცნო ФСБ-ს ოფიცერი, სახელად მარატი რომელიც მაღალ რანგს იკავებდა. სტასი იანთან ირწმუნებოდა, რომ მარატს ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი საკითხის გადაჭრა შეეძლო და ამბობდა, რომ მას კავშირები პალესტინაშიც კი ჰქონდა.
მას ასევე გააცნეს ГРУ-ს რამდენიმე ოფიცერი, მათ შორის ანდრეი ჩუპრიგინი, სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნების ცივილიზაციის კვლევების ცენტრში მუშაობდა. ამ ცენტრს თავად პეტლინსკის ხელმძღვანელობდა. ჩუპრიგინი ასევე კითხულობდა ლექციებს აფრიკულ კვლევებზე მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში და მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩევლად ლიბიაში. პეტლინსკიმ ასევე მოახერხა მარსალეკის დაწინაურება საგარეო საქმეთა სამინისტროში "მრჩევლის" თანამდებობაზე, რაც ძალიან გამოადგა 2017 წლის სექტემბერში, როდესაც იანმა გადააჭარბა ქვეყანაში ყოფნის პერიოდს ტურისტული ვიზით და სასწრაფოდ სჭირდებოდა სამგზავრო დოკუმენტები.
ამას გარდა, მარსალეკს გააცნეს ვიღაც ვლადიმირი, ძლიერი, წვერებიანი კაცი ბაიკერის ტანსაცმელში და Hell's Angels-ის შევრონებით, რომელიც სტასს დამქირავებელს უწოდებდა. ამ პიროვნების რეალური სახელი ანატოლი კარაზიი არის, ხოლო ვლადიმირი ჩეჩნეთის ომის დროინდელი ზედმეტსახელია. ამ კონფლიქტის დროს ის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის მეთაურის მოადგილე იყო, მეთაურს კი თავად პეტლინსკი წარმოადგენდა.
მაშინ კარაზიი კსკ ვაგნერის დაზვერვას ხელმძღვანელობდა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის ГРУ-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გენერლის, ვლადიმირ ალექსეევის ნათესავიც იყო. როდესაც კსკ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინისა და ГРУ-ს გზები გაიყო, სწორედ კარაზიის დაევალა შეექმნა ვაგნერის ჩამნაცვლებელი - კსკ რედუტი.
2017 წლის მაისში კარაზიიმ და პეტლინსკიმ მარსალეკი სირიაში, პალმირაში ამოგზაურეს. აქ იანს რუსული სამხედრო ფორმა და სნაიპერის შაშხანა გადასცეს. როდესაც ის სირიიდან დაბრუნდა, მეგობრებთან ტრაბახობდა, რომ მას "ისლამისტი ბოევიკებისთვის" სროლის უფლება ჰქონდა.
ადამიანები, ვინც სირიიდან დაბრუნებულ მარსალეკს 2017 წლის ზაფხულში მიუნხენში შეხვდა, ამბობდნენ, რომ იანი "ძალიან აღელვებული" იყო და "დაკარგული ჰქონდა გონებრივი წონასწორობა". ამის შემდეგ მისთვის უფრო და უფრო რთული ხდებოდა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა ცხოვრების ორი სტილი.
მარსალეკისთვის რუსმა მეგობრებმა კონტაქტების მეშვეობით კარი არამხოლოდ რუსეთში, არამედ ლიბიაშიც გააღეს. 2017-ში პეტლინსკიმ და ჩუპრიგინმა მარსალეკს ურჩიეს, შეეძინა ლიბიური ცემენტის კომპანია, რომელიც აღარ მოქმედებდა. ინვესტიცია გონივრული ჩანდა, რადგან სამოქალაქო ომის შემდეგ ლიბიაში მშენებლობის ბუმი დაიწყებოდა და ცემენტზე მოთხოვნილების გაზრდა მოსალოდნელი იყო. თუმცა მალევე გაირვკა, რომ წარმოების განახლება შეუძლებელი იყო მანამ, სანამ მიმდებარე ტერიტორიებს არ განაღმავდნენ. ამ საქმისთვის პეტლინსკიმ იანს ურჩია, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი რუსული კსკ РСБ-Групп-ი - ერთ-ერთი განსაკუთრებით დიდი სტაჟის მქონე რუსული კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც მოქმედებდა სომალიში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ეგვიპტესა და შრი-ლანკაში. მარსალეკმა ჩათვალა, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა და გადაწყვიტა მთელი კსკ შეეძინა. ამგვარად მან არამხოლოდ ტერიტორიის განაღმვა შეძლო, არამედ იყიდა პირადი არმია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოში.
პეტლინსკიმ РСБ-Групп-ის დამფუძნებელთან და მთავარ მფლობელთან, ოლეგ კრინიცინთან კსკ-ს გაყიდვაზე მოილაპარაკა. გეგმის მიხედვით, კრინიცინი ნომინალურ მფლობელად უნდა დარჩენილიყო, ხოლო რეალური კონტროლი იანსა და სტასს გადაეცათ.
სტასმა შესყიდვის ფასი გადაიხადა ნაღდი ფულით, რომელიც მარსალეკმა თავისი კერძო თვითმფრინავით მოსკოვში გადაიტანა. ოფიციალურად, РСБ-Групп-ის მფლობელები არ შეცვლილან, მაგრამ, სინამდვილეში, ბიზნესი ორ კომპანიად გაიყო: ახალი რუსული შპს РСБ-Групп-ი და ოფშორული კომპანია კაიმანის კუნძულებზე, სახელად RSB Group Ltd.
მარსალეკს ლიბიაში ცემენტის ქარხნისა და კერძო სამხედრო კომპანიის ყიდვის გარდა უფრო დიდი გეგმებიც ჰქონდა, რადგან ხედავდა, რომ რუსეთს ეს ქვეყანა ენერგორესურსების გამო აინტერესებდა და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიგრანტების კრიზისის ფაქტორის კონტროლიც. ის საკუთარ იდეებზე 2017 წელს კრიზისების ექსპერტს, გაეროს ყოფილ თანამშრომელ კილიან კლეინშმიდტსაც ესაუბრა. ამ უკანასკნელს უნდა მოემზადებინა 200 000 ევროს ღირებულების კვლევა, ქვითარი მოსკოვის რუსულ-ლიბიურ კულტურის ინსტიტუტში უნდა გაგზავნილიყო, როგორც ამას თავად კლაინშმიდტი ამბობდა. თავდაპირველად ის ფიქრობდა, რომ ბიზნესმენს ლიბიაში კეთილი მიზნები ჰქონდა. თუმცა, მეორე შეხვედრის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა. მარსალეკმა ნამდვილი გეგმა გათქვა. ის აპირებდა სამხედრო პროგრამის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოამზადებდნენ 15-20 000 ლიბიელს. ამ ახალშექმნილ არმიას ლიბიის სამხრეთ საზღვარი უნდა გაეკონტროლებინა და თვალი ედევნებინა მიგრაციის ნაკადებისთვის.
ამას გარდა, მარსალეკი მის სხვა გეგმებზეც საუბრობდა. ის აღფრთოვანებული იყო დაქირავებული სამხედროების კამერებით, რომლებითაც ბრძოლებს იღებდნენ. ამ ჩანაწერებს იანი "დიდებულ ვიდეომასალას" უწოდებდა და ჰქონდა იდეა, ისლამისტებთან ბრძოლის კადრები ინტერნეტსივრცეში განეთავსებინა. მათ, ვისაც მასალის ნახვა მოუნდებოდა, ფული კერძო სამხედრო კომპანიისთვის უნდა გადაერიცხა. კლაინდშმიდტთან საუბრის დროს მარსალეკმა აღნიშნა, რომ რეკლამის სახით ვერ გამოიყენებდნენ კსკ ვაგნერის ჩანაწერებს, რადგან აქ მძევლებს ხვრეტდნენ. ამ საუბრის შემდეგ მკვლევარმა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ოფისი რუსეთის საკონსულოს წინ
ამასობაში Wirecard-ის ბიზნესი იზრდებოდა. 2018 წელს გერმანიის 30 ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი კომპანიების საფონდო ინდექსში შედიოდა. მათ ჰყავდათ თითქმის 300 000 კლიენტი, მათი ტრანზაქციები 125 მილიარდ ევროს უტოლდებოდა და ნახევარი მილიარდის ოდენობის მოგება ჰქონდათ, თუ ოფიციალურ ბალანსებს დავუჯერებდით, თუმცა, შემდეგში ეს მონაცემები ყალბად გამოაცხადეს.
მარსალეკი Wirecard-ის ოფისში თითქმის აღარ ჩნდებოდა. ამის ნაცვლად ის 2016 წელს მიუნხენში, სახლიდან 20 კილომეტრში დააარსა საკუთარი ოპერაციული ცენტრი. აქ მისი ორი ცხოვრება ერთმანეთს ერწყმოდა. ბავარიის დედაქალაქში მისი რეზიდენცია ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა, რომელიც ჯერ კიდევ 1903 წელს, პრინცი ალფონსისთვის აშენდა. მოგვიანებით აქ გამოჩენილი ფიზიკოსი კონრად რენტგენიც ცხოვრობდა. ამ სახლში მუშაობისთვის იანი წელიწადში 680 ათას ევროს იხდიდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ოფისი რუსეთის გენერალური საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. მარსალეკმა შენობის პირველ სართულზე საკუთარი ოფისი მოაწყო. ოფისს სტუმრობდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, ბანკირები და დაზვერვის აგენტები. მისი ხშირი სტუმარი, რა თქმა უნდა, სტანისლავ პეტლინსკიც იყო. ამის შესახებ The Insider-თან ისაუბრა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც მარსალეკთან მუშაობდა და ერთხელ პეტლინსკისთვის დაბადების დღის აღნიშვნის ორგანიზებაც კი დაევალა.
ჯაშუშები მარსალეკის სამსახურში
ამავდროულად, მარსალეკმა ახალი თანაშემწე იპოვა - მარტინ ვაისი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავსტრიის კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური ოფისის მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ეს ორგანო - BVT ავსტრიის მთავარი საიდუმლო სამსახურია. ვაისი პასუხისმგებელი იყო ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოძიებასა და ანალიზზე. მარსალეკმა მას მიანდო საკუთარი საიდუმლო საქმიანობა. ყველა საიდუმლო ინფორმაცია, რასაც BVT იღებდა, იანის ხელში ხვდებოდა. საუბარია ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც ეს ორგანო ამერიკული CIA-ისგან, გერმანიის ან ისრაელის სპეცსამსახურებისგან იღებდა.
მარსალეკს ვაისი 2018 წლიდან "მრჩევლად" ჰყავდა დაქირავებული, მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუციის დაცვის სამსახური ოფიციალურად დატოვა. თუმცა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, სულ მცირე, 2015 წლიდან იცნობდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარსალეკს ვაისი Wirecard-ის საქმიანობისთვის სჭირდებოდა, თუმცა ეს კაცი, რომელიც პეტლინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, გამოსადეგი იყო იანის ახალი სამუშაოსთვის.
ვაისი შიდა მონაცემების ბაზის მეშვეობით ამოწმებდა ინფორმაციას, თუ რა იცოდა ავსტრიის მთავრობამ კონკრეტულ პირებზე, რომლებიც მათ აინტერესებდათ. ავსტრიული სპეცსამსახური წლების განმავლობაში ვერაფერს ამჩნევდა. მათ ვაისის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მარსალეკის გაქცევის შემდეგ შეიტყვეს. ახლა უკვე გამოძიების მასალები ათასობით გვერდია და მათი დასკვნა შემდეგია: ვაისი და მარსალეკი იყვნენ სადაზვერვოს ჯგუფის წევრები, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა გამოიყენეს".
მარსალეკის სამსახურში ჩადგა BVT-ს კიდევ ერთი ვეტერანი, ეგისტო ოტი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის აქტიური თანამშრომელი იყო, 2017 წელს უცხოურმა სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ აშშ-ს CIA-იმ და ბრიტანეთის MI6-მა განგაში ატეხეს: ოტი BVT-ს ელექტრონული ფოსტის მისამართიდან ოფიციალურ მონაცემებს საკუთარ პირად მეილზე ხშირად გზავნიდა. ის ეჭვმიტანილი იყო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მისი უფროსი BVT-ში მუშაობის დროს კი თავად მარტინ ვაისი იყო. ოტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისმა აგენტების ქსელმა მუშაობა გააგრძელა. მძიმე ბრალდებების მიუხედავად, ის მხოლოდ რამდენიმეკვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
მაგალითად, ერთ-ერთ სქრინშოტში, რომელიც ოტტმა საკუთარ iPhone 10-ში 2019 წელს შეინახა და გამოიძებამ მოიპოვა, ჩანდა, როგორ მიმართა პეტლინსკიმ მარსალეკს, რომ რუს ბიზნესმენს, არკადი როტენბერგის საყვარელსა და მის დას ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ევროპის საზღვრის კვეთის დროს და თუ იყო შესაძლებელი ამ საკითხის მოგვარება. მარსალეკმა შეტყობინება ოტტს გადაუგზავნა. როგორც შემდეგი მიმოწერიდან ირკვეოდა, ოტტი იტალიის პოლიციის წარმომადგენელ ნაცნობს დახმარებას სთხოვდა.
კრემლისთვის მუშაობდა და თვალთვალი ხრისტო გროზევზე
2020 წლის 15 დეკემბერს, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე The Insider-ისა და Bellingcat-ის გამოძიების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მარტინ ვაისმა ოტს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ხრისტო გროზევზე ავსტრიის მთავრობის ინფორმაცია მიეღო. ეს ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული მიმოწერიდან ჩანს. ოტტმა ვაისს გროზევის საცხოვრებელი სახლის მისამართი გადასცა.
ხრისტო გროზევი იმ დროს მუშაობდა Bellingcat-ში და იყო ნავალნის მოწამვლის გამოძიების თანაავტორი (ახლა ის არის The Insider-ის მთავარი გამომძიებელი და მარსალეკზე გამოქვეყნებული სტატიის თანაავტორი).
Der Spiegel-თან საუბარში ოტტმა დაადასტურა, რომ გროზევზე თვალთვალში მონაწილეობდა: "მე უბრალოდ რეესტრის ოფისში მივედი, გადავიხადე 3.4 ევრო, რათა გამეგო, სად ცხოვრობდა". ისიც აღიარა, რომ გროზევის სახლს რამდენიმე ფოტოც გადაუღო, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს არაა უკანონო და თითქოს არ იცის, რატომ დასჭირდა მარტინ ვაისს ეს ინფორმაცია.
კონსტიტუციის დაცვის სამმართველომ რეფორმირება გაიარა და თანამშრომლების დიდი ნაწილი შეცვალა. თუმცა დაზვერვის ერთი თანამშრომელი ჩიოდა, რომ მარსალეკთან და ვაისთან დაკავშირებული რამდენიმე პირის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდათ მათი სამსახურიდან გასაშვებად. მისივე აზრით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ მარსალეკი რუსული სპეცსამსახურებისთვის ავსტრიელ პოლიტიკოსებზე, მაღალჩინოსნებსა და კომპანიებზე ჯაშუშობას აგრძელებს.
მარსალეკს რუსული სპეცსამსახურებისთვის დახმარება თვალთვალზე მეტი საშუალებით შეუძლია. შესაძლებელი იყო ინფორმაციის შეგროვება Wirecard-ის მეშვეობითაც, რადგან მათ მომსახურებას ასიათასობით მომხმარებელი იყენებდა, მათ შორის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ათობით საერთაშორისო კორპორაცია. 2019 წლის ზაფხულში მარსალეკმა Wirecard-ის თანამშრომლებს დაავალა შეეგროვებინათ მომხმარებლების მონაცემები, როგორც ირწმუნებოდა, გერმანიის ფედერაციული სადაზვერვო სამსახურისთვის. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ ორგანოს მარსალეკისგან ეს მონაცემები არასდროს მოუთხოვია. თუმცა ეს კონფიდენციალური ინფორმაციები შესაძლოა მოსკოვში მოხვედრილიყო. ამას გარდა, გადარიცხვების კომპანიის ფინანსები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო, რაც რუსეთის დაზვერვას სხვადასხვა საიდუმლო გადარიცხვებისთვის გამოადგებოდა.
მღვდლად გადაქცევა – რუსული სპეცსამსახურები მარსალეკს ეხმარებიან
2020 წლის 25 ივნისს Wirecard AG-მ გამოაცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა, რადგან ანგარიშიდან 2 მილიარდი ევრო გამქრალი იყო. შეიძლება, რომ ეს ფული არც არასდროს არსებობდა. აქამდე, რამდენიმე დღით ადრე მარსალეკი გაქრა. იანმა ქვეყანა თვითმფრინავით დატოვა.
როგორც The Insider-ი წერს, მარსალეკისთვის თვითმფრინავი პეტლინსკიმ დაჯავშნა, თუმცა, საინტერესოა, რომ, არა საკუთარ, არამედ ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის სახელზე. საგამოძიებო პროექტი ხაზს უსვამს, რომ იაკობაშვილს წარსულში რუსეთის მთავრობასთან ახლო კავშირი ჰქონდა. ამას გარდა, როგორც გამოძიებაში წერია, იაკობაშვილი პეტლინსკისთან ერთად საბითუმო სადისტრიბუციო კომპანია PI OO-ს თანამფლობელია. კერძო თვითმფრინავის ოპერატორებს მიაწოდეს იაკობაშვილის პასპორტი, თუმცა ქართველი ბიზნესმენი The Insider-თან ირწმუნებოდა, რომ არაფერი იცოდა მისი პასპორტის მსგავსი დანიშნულებით გამოყენების შესახებ. მარსალეკი ავსტრიიდან ბელარუსში გადაფრინდა. პეტლინსკიმ ამ მიზნისთვის გამოიყენა ისრაელის ლოჯისტიკური საჰაერო კომპანია RS-LS Ltd.-ი. უცნობია ამ კომპანიამ ზუსტად რა როლი ითამაშა, თუმცა სატელეფონო მონაცემებიდან ირკვევა, რომ მათთან კომუნიკაცია პეტლინსკიმ მომავალშიც გააგრძელა. RS-LS Ltd. ამჟამად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანაკონტრაქტორია. გაქცევაში იანს ვაისიც დაეხმარა. მან გაფრენისთვის იშოვა ორი პილოტი, რომელთაც ენდობოდა.
20 ივნისის ღამეს მარსალეკი უკვე ბელარუსში დაეშვა, შემდეგ კი მანქანით მოსკოვისკენ დაიძრა. ამ გადაადგილების ორგანიზატორი იყო ლევ დენგოვი, მაღალჩინოსანი, რომელიც რუსულ-ლიბიურ ურთიერთობებს კურირებდა. გამოძიების მიხედვით, ამ ადამიანს არა მხოლოდ რუსული, არამედ ბელარუსული პასპორტიც ჰქონდა და კარგად იცნობდა პეტლინსკის.
რამდენიმე კვირაში მარსალეკმა მიიღო ახალი პასპორტი ახალი იდენტობით. დოკუმენტი გაცემული იყო კონსტანტინ ბაიაზოვის სახელზე. ამ სახელისა და გვარის მქონე ადამიანი მართლაც არსებობს, თუმცა ის მღვდელია, რომელიც ლეპეცკის ოლქში მდებარე მცირე ეკლესიაში მსახურობს. მარსალეკის ფოტოები პირდაპირ მოარგეს ბაიაზოვის პასპორტს, თანაც ორი ადამიანი ერთმანეთს ოდნავ ჰგვანან.
Der Spiegel-ი ნამდვილ ბაიაზოვს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, რაზეც მღვდლისგან მიიღეს პასუხი: "ხომ გესმით, რომ არ შემიძლია ამაზე საუბარი?".
ამის შემდეგ მარსალეკი მოსკოვიდან ყირიმში მიდის. 2020 წლის 5 სექტემბერს პეტლინსკის თანაშემწემ და ФСБ-ს თანამშრომელმა, ევგენია კუროჩკინამ მარსალეკის ახალი საბუთები მოსკოვში აიღო, იქირავა მიკროავტობუსი და იანის ნივთებით ყირიმში წავიდა. თავად მარსალეკი კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, რისთვისაც ბაიაზოვის სახელზე გაცემული პასპორტი გამოიყენა. The Insider-თან საუბარში კუროჩკინამ თქვა, რომ დეტალებზე მხოლოდ ფულის სანაცვლოდ ისაუბრებდა.
თუმცა მომავალში მარსალეკი მოსკოვში ორი ახალი იდენტობით გამოჩნდება: ალექსანდრ შმიდტისა და კიდევ ერთი მღვდლის, ვიტალი მალკინის იდენტობით. მალკინი, რომელიც ქალაქი ვლადიმირიდან არის, ამბობდა, რომ არც კი იცოდა როგორ იყენებდნენ მის იდენტობას. მღვდლის თქმით, მან 2020 წელს პასპორტი დაკარგა და ახალი საბუთი გაიკეთა. ძველი პასპორტის მონაცემებს კი, როგორც ირკვევა, მარსალეკი ახალი იდენტობისთვის იყენებდა, როცა ის მოსკოვიდან პეტერბურგში მატარებლით მიემგზავრებოდა. ამას გარდა, მან შმიდტის სახელზე გაცემული საბუთით სისხლის ანალიზიც ჩაიტარა. იგივე პროცედურა მალკინის სახელითაც გააკეთა.
როგორც ბრიტანეთის პროკურატურაში მიაჩნიათ, რუსეთში დასახლების შემდეგ, მარსალეკს საკუთარი საქმიანობა არ შეუწყვეტია. ბრალდებების მიხედვით, ის ბულგარულ დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად 2020 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლამდე დაკავებული იყო კონფიდენციალური ინფორმაციების მოპოვებით.
როგორც ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, მარსალეკმა ხუთკაციან ბანდას უბრძანა მთელ ევროპაში ეთვალთვალათ მათთვის, ვინც კრემლში არ მოსწონდათ, შესაძლოა, მომავალში მათი გატაცებისა და მოკვლის მიზნით. გამომძიებლებს მტკიცებულების სახით ამოღებული ჰქონდათ ყალბი პასპორტები, სამოგზაურო მონაცემები, ჩატის 80 ათასამდე შეტყობინება (რაც ძირითადი მტკიცებულებაა), ელექტრონული სათვალთვალო მოწყობილობები და ყალბი პრესბარათები. აგენტების ჯგუფს ხელმძღვანელობდა 45 წლის ბიზნესმენი, ორლინ რუსევი, რომელსაც მარსალეკი ჯერ კიდევ Wirecard-ში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა. როგორც მისი და იანის ელექტრონული მიმოწერიდან ჩანს, თვალთვალის ექსპერტმა მარსალეკს განსაკუთრებით დაცული, ჯაშუშისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონი გადასცა. ლონდონში სასამართლო საქმის დაწყება ბულგარულ ჯაშუშურ ჯგუფთან დაკავშირებით ამ წლის დასასრულისთვის იგეგმება.
მარსალეკი კვლავ რუსეთში იმალება, თუმცა The Insider-ის ცნობით, ის, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ზოგჯერ მოგზაურობს. როგორც ჩანს, მოპარული ფულის დიდი ნაწილი კვლავ მის ხელშია. ყოველ შემთხვევაში, 2021 წელს მარსალეკმა თავისი ოფშორული კომპანიის მეშვეობით სოფიაში აეროპორტის ყიდვა სცადა. წარმატების შემთხვევაში, ის მიიღებდა წვდომას ავიაბილეთების ბაზაზე, რაც რუსეთის დაზვერვისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იქნებოდა.
მასალა ინგლისურ ენაზე – A most wanted man: Fugitive Wirecard COO Jan Marsalek exposed as decade-long GRU spy.
მასალა რუსულ ენაზე – Из мошенника в священники. Как спецслужбы прячут в России Яна Марсалека, укравшего миллиарды долларов.