პუტინის რუსეთი

რუსეთში აქტივისტ ოლეგ ორლოვს ომის კრიტიკისთვის ორ-ნახევარი წელი მიუსაჯეს

რუსი აქტივისტი ოლეგ ორლოვი სასამართლო დარბაზში, 27 თებერვალი, 2024
AP Photo/Alexander Zemlianichenko

რუსეთში ცნობილ ვეტერან აქტივისტსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის Memorial-ის წევრს, ოლეგ ორლოვს უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკის გამო ციხეში ორ-ნახევარი წელი მიესაჯა. მოსკოვის სასამართლოში ორლოვს რუსეთის ჯარის "არაერთხელ დისკრედიტაციაში" ედებოდა ბრალი.

ორლოვის თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული - "მე არაფერს ვნანობ და არაფერს ვინანიებ". - თქვა მან დასკვნით განცხადებაში.

რუს აქტივისტს რუსეთის შეიარაღებული ჯარების დისკრედიტაციაში ბრალი მას შემდეგ დასდეს, რაც თქვა, რომ რუსეთი ტოტალიტარულ რეჟიმად იქცა, რომელიც ჯორჯ ორუელის დისტოპიურ ნოველას 1984-ს ჰგავს. ამის შემდეგ სასამართლომ ორლოვი დააჯარიმა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება იმ საბაბით გაასაჩივრა, რომ სასჯელი სათანადოდ მკაცრი არ იყო.

თავდაპირველად, ორლოვმა თანამედროვე რუსეთი ორუელის დისტოპიას 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში შეადარა. მისი თქმით, პუტინის რუსეთი თანდათან ფაშისტურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ორლოვმა ხმამაღლა გააჟღერა, რომ 1990-იან წლებში კომუნიზმის დამარცხების მიუხედავად რუსეთი ახალი ტოტალიტარიზმისკენ გადაიხარა. 

პროკურატურის მტკიცებით, ორლოვის მიერ სტატიის დაწერას "ტრადიციული რუსული სულიერი, მორალური და პატრიოტული ღირებულებებისადმი" სიძულვილი ამოძრავებდა.

კომენტარები